დღეს, 22 ოქტომბერს, 19:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში ვახტანგ ჭაბუკიანის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
23 ოქტომბერს, დილიდან, მტკვარზე იმოძრავებს ტივი, 12:00 საათზე ვარდების მოედანზე დაიდგმება საწნახელი. ღვინის დაწურვის პარალელურად ქართული ესტრადის მომღერლები კონცერტს თბილისის მერიის ბიგბენდის თანხლებით გამართავენ.
24 ოქტომბერს მშვიდობის ხიდთან საზეიმო გალაკონცერტი "ვერის უბნის მელოდიები" გაიმართება.
აბანოთუბანში კონცერტს ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები გამართავენ.
სხვადასხვა დროს კონცერტები ჩატარდება ასევე ვაკის პარკსა და მეიდანზე.
წლევანდელ თბილისობას, 30 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში "თბილისი ალტერვიზიის" თანამედროვე ჯგუფების კონცერტი დახურავს.
ყოველწლიური სახალხო დღესასწაული "თბილისობა 2010" 21-იდან 30 ოქტომბრის ჩათვლით ტარდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, გაიმართება გამოფენა-გაყიდვები, კონცერტები, სპექტაკლების პრემიერები, ლიტერატურული თუ სხვა დაჯილდოების ცერემონიები. გამოყენებითი ხელოვნების დარგებში მოეწყობა მასტერკლასები, გამოიფინება ხალხური რეწვის ნიმუშები.
ოქტომბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში "ძველი თბილისის რუკები" გამოიფინა.