საქართველოში მოქმედმა ისრაელის ექსტრემალურმა ტურისტულმა კომპანიამ AclassA Travelers-მა, პანდემიის პირობებში ყველა წესის გათვალისწინებით, ონსა და ლაილაშში ისრაელელებისთვის ჯიპტური მოაწყო.
ტურში 25 ისრაელელი მონაწილეობდა და მათ გაიარეს ის მარშრუტი, რომელიც „ისრაელის სახლმა“, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და ევროსაბჭოსთან არსებული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპულ ასოციაციასთან (AEPJ) თანამშრომლობით, ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტის ფარგლებში შექმნა და მოიცავს ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებს. მასში გაერთიანებულია ლაილაში, ონის უნიკალური სინაგოგა და ებრაული კვარტალი, ახლახან „ისრაელის სახლის“ მიერ ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად ქალაქის ცენტრში აღმართული ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისა და ქართველი შინდლერის, სერგი მეტრეველის მონუმენტი.
ჯიპტურის მონაწილეები ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ მიიღო, ებრაულ ახალ წელს - როშ აშანას (18 სექტემბერი) კი ონის სინაგოგის ეზოში შეხვდნენ.
"ისრაელის სახლის" ხელმძღვანელის იციკ მოშეს თქმით, კულტურული მემკვიდრეობა არ არის მხოლოდ წარსული, ის უდიდესი მორალური კაპიტალია, რომლის გარეშეც ძნელია მომავლის შენება. „ისრაელის სახლი“ საქართველოში ოფიციალურად წარმოადგენს ევროსაბჭოს მიერ სერტიფიცირებულ ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ევროპულ მარშრუტს და მუშაობს მის პოპულარიზაციაზე. ეს ახალი მიმართულებაა, რომელშიც ჩართულია ევროსაბჭო, საქართველოს კულტურის სამინისტრო, დიდი მხარდაჭერაა ისრაელიდან. ახლახან ონში აღვმართეთ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის მონუმენტი, რომელიც უკვე გახდა ტურისტული ატრაქცია. მის გახსნას , როგორც მნიშვნელოვან მოვლენას, გამოეხმაურა ისრაელის წამყვანი გამოცემები, მათ შორის Jerusalem Post-ი. მონუმენტის გახსნის ღონისძიებას პირდაპირი ჩართვით მიესალმა მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ქნესეთის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე დავიდ ბიტანი. ამ დღეებში თბილისს ეწვია ქნესეთის ყოფილი ვიცე-სპიკერი და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი ხილიკ ბარი, რომელმაც აღნიშნა, რომ ონში ჰოლოკოსტის მონუმენტის გახსნით ის ბედნიერია, რადგან მიაჩნია, რომ მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მისმა მუშაობამ შედეგი გამოიღო.
იციკ მოშეს თქმით, ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტი განუყოფელი ნაწილი გახდა სახალხო დიპლომატიისა და სერიოზული ინსტრუმენტია ტურიზმის ხელშეწყობის მიმართულებით.
ნიშანდობლივია, რომ ისრაელიდან საქართველოში ტურისტული ნაკადი წლითიწლობით მზარდია. 2019 წელს ისრაელელ ტურისტთა რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციაზე ისრაელში. ორგანიზაციის ინიციატივით, ბოლო წლებში ისრაელის ტელევიზიებისთვის არაერთი გადაცემა მომზადდა საქართველოს შესახებ.
ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტის ფარგლებში ორგანიზებულ ისრაელელების ჯიპტურს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილიც გამოეხმაურა.
"მისასალმებელია ის ფაქტი, რომ პანდემიის პერიოდში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით „ისრაელის სახლი“, როგორც ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტის მმართველი ორგანიზაცია საქართველოში, აგრძელებს აქტიურ მუშაობას როგორც კულტურული მარშრუტის განვითარების კუთხით, ასევე, ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობის მიმართულებით.
ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტის ფარგლებში, „ისრაელის სახლის“ ორგანიზებით, ონი-ლაილაშის მიმართულებით განხორციელდა ჯიპ-ტური. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ ტურში მონაწილეობა მიიღეს ისრაელიდან ჩამოსულმა სტუმრებმა, რომლებმაც ყველა დადგენილი რეგულაციის დაცვით მოინახულეს ებრაული მემკვიდრეობის ძეგლები“, - განაცხადა ლევან ხარატიშვილმა.
კორონავირუსით გამოწვეული შეფერხებების მიუხედავად, ისრაელიდან პირველი ტურისტული ნაკადის ჩამოსვლასა და ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ნაკვალევზე ტურის მოწყობას მიესალმა, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის ისრაელის ქნესეთთან მეგობრობის ჯგუფის წევრი გრიგოლ მიქელაძე. მისი თქმით, ეს სერიოზული სტიმულია საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის.
ცნობისთვის: ისრაელის კომპანია AclassA Travelers საქართველოში ექსტრემალური ტურიზმის განვითარებაზე მეორე წელია მუშაობს.
ტურიზმის ეს სახეობა დამსვენებლთა იმ კატეგორიაზეა ორიენტირებული, რომელიც დედამიწის სხვადასხვა კუთხეში ახალ-ახალი სარისკო ობიექტებისა (მთები, ტბები, კანიონები…) და გართობის ძიებაშია. მათთვის საქართველო, თავისი უნიკალური ბუნებითა და მთებით, მსოფლიო ექსტრემალური ტურიზმის რუკაზე სიახლეა. ტრადიციულად, ექსტრიმტურების ძირითადი მომხმარებელი ფინანსურად შეძლებული ადამიანები არიან.
კომპანიამ ექსტრიმტურებისთვის სპეცმანქანები ისრაელიდან შემოიყვანა. კომპანიის ხელმძღვანელი ასაფ არცი საქართველოთი საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის მიერ თბილისში ჩატარებული საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმზე დაინტერესდა.
კომპანიის მფლობელობაშია ექსტრიმ ჯიპები, რალის მანქანები, ვერტმფრენები და სხვა სპეცტექნიკა. მან უკვე განახორციელა 1 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია და ერთდროულად შეუძლია რამდენიმე ათეული ტურისტის მომსახურება.
ისრაელის კომპანია საქართველოში ავითარებს ექსტრემალური ტურიზმის რამდენიმე წამყვან სახეობას, მათ შორის ჯიპტურს, ალპინიზმს, დაივინგს (ყვინთვა), პარაშუტით ხტომას, პარაპლანერიზმს, მთებიდან მოტოციკლით დაშვებას, ნადირობას.