შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, რომელმაც აწ განსვენებული რუთ გინსბურგი უნდა ჩაანაცვლოს, მიმდინარე კვირაში, პარასკევს ან შაბათს დაასახელებს. იტყობინება Reuters-ი.
მანამდე დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ახალი მოსამართლე აუცილებლად ქალი იქნება.
ტრამპის მიერ წარდგენილი კანდიდატის სენატის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში კონსერვატორული ფრთა მყარ უმრავლესობას მოიპოვებს, რამაც შეიძლება ძირეული გავლენა მოახდინოს ქვეყნის მომავალზე.
ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში, ტრამპმა განაცხადა, რომ მას კანდიდატის წარდგენა რუთ გინსბურგის დაკრძალვამდე არ სურს, მისი ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად.
ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის კენჭისყრა 3 ნოემბრის არჩევნებამდე უნდა ჩატარდეს.
რესპუბლიკელი პრეზიდენტის განზრახვა, საჩქაროდ წარადგინოს ახალი მოსამართლის კანდიდატურა, შეშფოთებას იწვევს დემოკრატთა რიგებში.
დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ტრამპის მიერ კანდიდატურის წარდგენა "ძალაუფლების გადამეტება" იქნება და ახალი მოსამართლე საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა უნდა წარადგინოს.
აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე უზენაესი სასამართლოს ახალი წევრის დანიშვნას ეწინააღმდეგება ტრამპის თანაპარტიელი ორი რესპუბლიკელი სენატორი - ლიზა მურკოვსკი და სუზან კოლინსი.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, 87 წლის რუთ გინსბურგი პარასკევს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გარდაიცვალა.
ფოტო: REUTERS/Tom Brenner