ნიუ იორკის ბრუკლინის რაიონში სამსართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად, ბოლო მონაცემებით, რვა ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის სამი მეხანძრეა.
მედიის ცნობით, ამის შესახებ ნიუ იორკის მერმა, ზოჰრან მამდანიმ განაცხადა. მისი ინფორმაციით, სამაშველო ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გამოსაყვანად.
შემთხვევა 11 ნოემბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:00 საათზე მოხდა. სამსართულიანი შენობა მეზობლად მდებარე სამშენებლო მოედნის ტერიტორიაზე ჩაინგრა. ჩამონგრევის შედეგად დაზიანდა მეზობელი შენობის კედელიც.
სამაშველო ოპერაციაში დაახლოებით 250 მეხანძრე, პოლიციელი და სხვა საგანგებო სამსახურების თანამშრომელი მონაწილეობდა. ნანგრევებში ადამიანების მოსაძებნად გამოიყენეს სამძებრო ძაღლები, დრონები და სპეციალური ტექნიკა. მაშველებმა ნანგრევებიდან რამდენიმე ადამიანის გამოყვანა შეძლეს, მათ შორის ორსული ქალის.
წინასწარი ინფორმაციით, ჩამონგრეული შენობის პირველ სართულზე კომერციული ფართი, ზედა სართულებზე კი საცხოვრებელი ბინები იყო განთავსებული.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შემთხვევის მიზეზს ნიუ-იორკის შენობების დეპარტამენტი იძიებს. დადგენილია, რომ ჩამონგრეული შენობის გვერდით სამშენებლო მოედანზე მიწის ამოღების სამუშაოები მიმდინარეობდა. იმავე ტერიტორიაზე დარღვევები მანამდეც გამოვლინდა: მარტში ობიექტზე დემონტაჟის სამუშაოების შეჩერების განკარგულება გაიცა, რადგან მეზობელი შენობების დასაცავად სათანადო ზომები არ იყო მიღებული. აპრილში კი ინსპექტორებმა აღმოაჩინეს, რომ სამუშაოები აკრძალვის მიუხედავად განახლებული იყო.