უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აბუ დაბიში გამართული ორდღიანი მოლაპარაკებების დროს რუსეთის დელეგაციამ განაცხადა, რომ შავ ზღვაში დეესკალაციისა და უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტის საკითხების განხილვის უფლებამოსილება არ ჰქონდა.
ამის შესახებ ზელენსკიმ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინულმა მხარემ კიდევ ერთხელ სცადა, მიეღწია შავ ზღვაში ვითარების დეესკალაციისა და უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისთვის, თუმცა რუსეთისგან უარყოფითი პასუხი მიიღო.
„სამწუხაროდ, გუშინ რუსებმა განაცხადეს, რომ არ ჰქონდათ უფლებამოსილება, განეხილათ ის ზომები, რომლებიც ამ ომის საშინელებას შეამცირებდა. ეს მოხდა მიუხედავად ჩვენი მხრიდან მორიგი მცდელობისა, მიგვეღწია შავ ზღვაში დეესკალაციისა და უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტისთვის. თუმცა, ამის პასუხად ჩვენმა დელეგაციამ მოისმინა, რომ რუსეთის ლიდერი განრისხებულია და დარტყმების გაგრძელება სურს“, - განაცხადა ზელენსკიმ.