შეერთებული შტატების სენატის ორი რესპუბლიკელი სენატორი - ლიზა მურკოვსკი და სუზან კოლინსი საჯაროდ ეწინააღმდეგებიან თავიანთი თანაპარტიელის, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივას, საჩქაროდ დაინიშნოს უზენაესი სასამართლოს ახალი წევრი, რომელმაც რუთ გინსბურგი უნდა ჩაანაცვლოს.
ინფორმაციას საერთაშორისო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
"მე არ ვუჭერდი მხარს მოსამართლე სკალიას გარდაცვალების შემდეგ მისი შემცვლელი ახალი მოსამართლის დანიშვნას 2016 წელს, არჩევნებამდე 8 თვით ადრე. ახლა კი, როდესაც ჩვენ უფრო ახლოს ვართ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან, დარჩენილია ორ თვეზე ნაკლები, ღრმად მწამს, რომ ამჯერადაც, იგივე პრინციპით უნდა ვიხელმძღვანელოთ", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც სენატორ მურკოვსკის ოფისმა გაავრცელა.
თავისი კოლეგის პოზიციას იზიარებს სენატორი სუზან კოლინსი, რომელიც ამჟამად სენატის არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანიაშია ჩაბმული.
2016 წელს, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ენტონინ სკალია გარდაიცვალა, სენატის უმრავლესობის ლიდერმა, მიჩ მაკკონელმა ყველა ღონეს მიმართა, რათა იმდროინდელი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ წარმოდგენილი კანდიდატი დაებლოკა, რადგან თვლიდა, რომ ახალი მოსამართლე საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულს უნდა წარედგინა.
ტრამპმა თქვა, რომ რუთ გინსბურგის შემცვლელს დაუყოვნებლივ წარადგენს.
დონალდ ტრამპის მეტოქე, დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი არჩევნების შემდგომ, ახალმა პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, 87 წლის რუთ გინსბურგი პარასკევს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გარდაიცვალა.