შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რუთ ბეიდერ გინსბურგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გინსბურგი პარასკევს, პანკრეასის კიბოთი, მის სახლში, ვაშინგტონში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.
ამ წლის დასაწყისში გინსბურგმა განაცხადა, რომ ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა კიბოს რეციდივის გამო.
რუთ გინსბურგი შტატების უზენაესი სასამართლოს კოლეგიის ყველაზე ხანდაზმული წევრი იყო. იგი 27 წლის განმავლობაში ატარებდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მანტიას.
ის იყო მეორე ქალი აშშ-ის ისტორიაში, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა. გინსბურგი უზენაეს სასამართლოში 1993 წელს ბილ კლინტონმა დანიშნა.
"ჩვენმა ერმა დაკარგა ეპოქალური მნიშვნელობის იურისტი. ჩვენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა დავკარგეთ სანუკვარი კოლეგა. დღეს ჩვენ ვგლოვობთ, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალი თაობები რუთ გინსბურგს გაიხსენებენ ზუსტად ისე, როგორადაც ჩვენ ვიცნობდით, მართლმსაჯულების მტკიცე და დაუღალავ ჩემპიონს", - განაცხადა უზენაესი სასამართლოს მთავარმა მოსამართლემ, ჯონ რობერტსმა.
რუთ გინსბურგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ლიბერალურ ფრთას მიეკუთვნებოდა.
პირუთვნელი სამოსამართლეო პრაქტიკის გარდა, რუთ გინსბურგმა სახელი გაითქვა ქალთა უფლებების დაცვით.
როგორც სასამართლოს ოთხი ლიბერალი მოსამართლედან ერთ-ერთი, მის ჯანმრთელობას ყურადღებით აკვირდებოდნენ. გინსბურგის გარდაცვალება ზრდის აშშ-ის რესპუბლიკელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პერსპექტივას, რომ შეეცადოს გააფართოვოს თავისი სუსტი კონსერვატიული უმრავლესობა, ჯერ კიდევ ნოემბრის არჩევნებამდე.
ამერიკული მედიის ცნობით, გარდაცვალებამდე რუთ გინსბურგმა თავისი შვილიშვილისადმი მიწერილ წერილში თქვა, რომ ისურვებდა, მისი ჩამნაცვლებელი არა ტრამპს, არამედ ახალ არჩეულ პრეზიდენტს წარედგინა.
ტელეკომპანია CBS-ის ცნობით, თეთრი სახლში მომუშავე წყარო იტყობინება, რომ დონალდ ტრამპი რაც შეიძლება მალე წარადგენს გინსბურგის ჩამნაცვლებელს.
შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს პრეზიდენტი წარადგენს, რომელსაც სენატი ამტკიცებს. ამ დროისთვის, სენატში უმრავლესობა ტრამპის თანაპარტიელებს, რესპუბლიკელებს ეკუთვნით.