ქართულ მხარესთან კონტაქტისთვის მზად ვართ. ეს განცხადება აფხაზეთში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსმა, გენერალმა იური ზვირიკმა დღეს სოხუმში რუსი ჟურნალისტებისთვის მოწყობილ პრესკონფერენციაზე გააკეთა. აღნიშნულ პრესკონფერენციას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სასაზღვრო სამმართველოს უფროსი გენერალ-მაიორი მიხაილ სტრეხიც ესწრებოდა.
"ქართულ მხარესთან ახლა ერთადერთი ურთიერთობის საშუალება გალის ხუთმხრივი შეხვედრებია. თუმცა დროთა განმავლობაში ეს კონტაქტები გვექნება. უბრალოდ, საჭიროა დრო და გაგება საპირისპირო (ქართული) მხრიდან. ჩვენ ამგვარი კონტაქტებისთვის, ფაქტობრივად, მზად ვართ", _ განაცხადა ზვირიკმა რუსი ჟურნალისტების კითხვაზე იმის შესახებ, აქვთ თუ არა მათ ამჟამად კონტაქტი ქართულ მხარესთან.