სტამბოლში, ბოსფორის სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთი ძვირადღირებული ბუტიკ სასტუმრო Les Ottomans-ი იყიდება. სასტუმროს გაყიდვის მიზეზი კი მისი მფლობელია დავალიანებაა, რადგანაც მან ბანკისთვის კრედიტის გადახდა ვერ შეძლო. უძრავი ქონება, მუჰსინზადე მეჰმედ ფაშას სასახლე, 440 მლნ თურქულ ლირადაა შეფასებული და მისი გასხვისება რამდენიმე დღეში ჩანიშნულ აუქციონზე იგეგმება.
თურქეთის სასამართლომ მეპატრონის იუნალ აიზალის შუამდგომლობა სასამართლო აკრძალვის გაუქმებაზე არ დააკმაყოფილა, იუწყება Patronlar Dünyası.
აღსანიშნავია, რომ Les Ottomans-ი ადგილობრივი და უცხოელი ბიზნესმენებისათვის სტამბოლში ერთ-ერთი საყვარელი საცხოვრებელი ადგილია.
სასტუმრო ცნობილია თავისი სანაპირო რესტორნით, სპა და მდიდრული ოთახებით. Les Ottomans-ი მდებარეობს სტამბულის ორტაკოის რაიონში.
როგორც თურქული მედია წერს, სასტუმროს მფლობელს კრედიტის გადახდასთან დაკავშირებით პრობლემები სავალუტო კრიზისის დაწყებიდან, ანუ 2018 წლის ზაფხულიდან, შეექმნა.
COVID-19 პანდემიის ფონზე სასტუმრო ბიზნესის გაჩერებამ და ამ ფონზე სპეციალური სესხის გადავადების ვადის ამოწურვამ, რომელიც მიზნად ისახავდა კომპანიების დეფოლტისგან დაცვას, ფინანსური ზეწოლა გაზარდა.