"2011 წლის ბოლოსთვის აფხაზეთში მყოფი რუსი სამხედროებისთვის განკუთვნილი ხუთი სამხედრო ქალაქის მშენებლობა დასრულდება. აფხაზურ-ქართული საზღვრის დაცვის შედეგები კი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება მაშინ, როდესაც აფხაზეთში რუს მესაზღვრეთა ოჯახები ჩამოვლენ", _ ეს განცხადებები აფხაზეთში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსი გენერალი იური ზვირიკმა დღეს სოხუმში რუსი ჟურნალისტებისთვის მოწყობილ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
აღნიშნულ პრესკონფერენციას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სასაზღვრო სამმართველოს უფროსი გენერალ-მაიორი მიხაილ სტრეხიც ესწრებოდა.
იური ზვირიკის თქმით, სასაზღვრო დანაყოფების განლაგების პირველი ეტაპი შესრულებული და დასრულებულია გაშლა-განლაგების გეგმის შესაბამისად.
"სასაზღვრო დანაყოფები თავიან ადგილებზე იმყოფებიან და დასახულ ამოცანებს ასრულებენ. ოპერატიული მონაცემები ამის კარგი დასტურია. ასევე გეგმის მიხედვით მიმდინარეობს სამხედრო ქალაქების მშენებლობა. 2011 წლის ბოლოსთვის ხუთი სამხედრო ქალაქი ჩაბარდება", _ აცხადებს ზვირიკი.
მისი თქმით, საზღვრის დაცვის შედეგები კიდევ უფრო თვალნათელი გახდება მაშინ, როდესაც აფხაზეთში მყოფი რუსი მესაზღვრეების ოჯახები ჩამოვლენ _ "სამხედრო ქალაქებში სკოლები და საბავშვო ბაღები ამუშავდება".