ზეწოლის გაგრძელების შემთხვევაში მედვედევის პატივისცემაც ვერ შეგვაჩერებს და ჩვენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა პროცესიდან გამოვალთ. ეს განცხადება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"ჯერ ჯებით არ გავცნობივარ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა 13-ე რაუნდის მასალებს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუკი მოლაპარაკებები კვლავ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე აშშ-სა და ევროკავშირის ზეწოლით წარიმართება, ჩვენ დავფიქრდებით მათში ჩვენს მომავალ მონაწილეობაზე", _ განაცხადა სერგეი ბაღაფშმა და დასძინა, რომ თუკი აფხაზეთი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში როგორც კონფლიქტის მონაწილე მხარე მონაწილეობს, მისი ინტერესები გათვალისწინებული უნდა იყოს.
"აფხაზური, რუსული და სამხრეთოსური მხარეები არაფერს ზებუნებრივს არ ითხოვენ. ეს მოლაპარაკებები ხომ სიტუაციის სტაბილიზაციისკენაა მიმართული. სიტუაციის სტაბილიზება კი შეუძლებელია საბრძოლო მოქმედებების განუახლებლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის გარეშე", _ აცხადებს სერგეი ბაღაფში და დასძენს, რომ რადგანაც საქართველო უარს აცხადებს ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე, ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა საბრძოლო მოქმედებები.
"მეტიც, ჰილარი კლინტონის მიერ ბოლოს გაკეთებული განცხადებები ნიშნავს, რომ აშშ მთლიანად მხარს უჭერს საქართველოს... სამხედრო მოქმედებების შემთხვევაშიც კი", _ აცხადებს ბაღაფში.
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ასევე აცხადებს, რომ აფხაზეთი ჟენევის მოლაპარაკებებში მედვედევის პატივისცემით მონაწილეობენ.
"ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის პატივისცემით ვმონაწილეობთ, რომელმაც 2008 წლის ცნობილი მოვლენების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტთან შეთანხმებას მოაწერა ხელი", _ აცხადებს ბაღაფში და დასძენს, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა მოედანი ეს ის მოედანია სადაც აფხაზეთს შეუძლია თავისი თავის შესახებ განაცხადოს - "სხვა მოედანი აფხაზეთს ჯერ არ აქვს".
"თუმცა, იმ შემთხვევაში თუკი ყოველივე ძველებურად გაგრძელდა ეს ჩვენ ვერ შეგვაჩერებს", _ აცხადებს ბაღაფში.