საქართველოს ხელისუფლებას პროვოკაციების გარეშე არსებობა არ შეუძლია. ეს განცხადება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოსა და აფხაზეთს შორის არსებულ საზღვარზე სიტუაციის კომენტირებისას გააკეთა.
ბაღაფშმა ასევე განაცხადა, რომ პროვოკაციები საზღვარზე არ წყდება და ქართული მხარე აფხაზეთის ე.წ. მოქალაქის ვინმე ჯოპუას გატაცებაში დაადანაშაულა.
"აფხაზეთის მოქალაქე ჯოპუა გაიტაცეს და მძევლად აიყვანეს. მისი განთავისუფლების საკითხს აუცილებლად დავაყენებთ გალში მიმდინარე ხუთმხრივ შეხვედრებზე", _ აცხადებს ბაღაფში და დასძენს, რომ დროა უკვე საქართველოს ხელისუფლებამ ნორმალური ურთიერთობების დამყარება დაიწყოს.
"საქართველოს პროვოკაციული ხელისუფლება ჰყავს, მათ პროვოკაციების გარეშე არსებობა არ შეუძლიათ - ეს მათი მუშაობის სტილია. ჩვენ კეთილი ნებით არაერთხელ გაგვინთავისუფლებია საქართველოს მოქალაქეები და ისინი ქართული მხარისათვის გადაგვიცია. დროა უკვე საქართველოს ხელისუფლებამ ისწავლოს ნორმალურ ურთიერთობების დამყარება, მაგრამ ეს ჯერჯერობით არ ჩანს. ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტა ცივილიზებული გზით უნდა მოხდეს", _ აცხადებს ბაღაფში.
მასალის გამოყენების პირობები