აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში აცხადებს, რომ რუსი ჟურნალისტები, რომლებიც აფხაზეთში არსებულ ანტირუსულ განწყობილებებზე წერენ "ვიღაცის დაკვეთას" ასრულებენ. ეს განცხადება ბაღაფშმა სოხუმში მოწყობილ პრესკონფერენციაზე რუსულ პრესაში გავრცელებული აფხაზეთის შესახებ კრიტიკული მასალების კომენტირებისას გააკეთა.
"ამ საქმეს მე მაგალითად სიფრთხილით მივუდგებოდი, ეს ყველა ჟურნალისტს ეხება. შესაძლო იყო ასეთ პუბლიკაციებზე მკვეთრი განცხადება გაგვეკეთებინა და ამაში პარლამენტი და საზოგადო მოღვაწეები ჩაგვერთო, მაგრამ ეს არ გავაკეთე, იმიტომ, რომ პრესა არის პრესა და დარწმუნებული ვარ ეს ვიღაცის შეკვეთაა", _ განაცხადა სერგეი ბაღაფშმა და დასძინა, რომ არავითარი აზრი არა აქვს ამის გამო სიტუაციის გამწვავებაზე წასვლას.
"შეიძლება აკრიტიკო პოლიტიკოსი, ისაუბრო პრეზიდენტის ხარვეზებზე, მაგრამ არ შეიძლება ყოველივე ეს აფხაზ ხალხს დაუკავშირო. არ შეიძლება გამუდმებით გვამადლო ის, რომ თქვენ ჩვენ გვეხმარებით და თქვენ ასეთი ცუდები ხართ, რომ რუსებს ბინებს ართმევთ. აქ აფხაზებსაც ართმევდნენ ბინებს ომის შემდეგ და ჩვენ ახლა ამ სიტუაცია ვაგვარებთ, უკვე დაბრუნებულია 1260 ბინა. ეს მძიმე საკითხია", _ აცხადებს სერგეი ბაღაფში და დასძენს, რომ თუკი ასეთი იოლია ამ საკითხის გადაწყვეტა მაშინ, რატომ არ წყვეტენ მას ვლადიკავკაზის განაპირა რაიონში სადაც ოსებმა ინგუშების საცხოვრებელი სახლები დაიკავეს?
"ძნელია ხომ? ამიტომაც ამ პრობლემის გადაჭრის ცივილიზებული გზები უნდა ვეძებოთ. აფხაზეთში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელსაც აფხაზური მხრიდან პრეზიდენტი ხოლო რუსეთის მხრიდან აფხაზეთში რუსეთის ელჩი ხელმძღვანელობს. ამ კომისიაში ასევე არიან აფხაზეთისა და რუსეთის გენპროკურატურის წარმომადგენლები", _ აცხადებს სერგეი ბაღაფში.
მისივე თქმით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობები, მიუხედავად ზოგი ჟურნალისტის პუბლიკაციისა უცვლელი დარჩება. "ჩვენ რომ ყველა სტატიას გამოვეკიდოთ და გაბრაზება დავიწყოთ არაფერ კარგამდე ეს ჩვენ არ მიგვიყვანს", _ აცხადებს სერგეი ბაღაფში.