გალის რაიონში რუსი მესაზღვრეების შეყვანის შემდეგ ქართულ-აფხაზურ საზღვარზე სიტუაცია საფუძვლიანად შეიცვალა. ეს განცხადება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა სოხუმში მოწყობილ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისივე თქმით, სიტუაცია საზღვარზე ოკუპანტების ჩადგომის შემდეგ უფრო მშვიდი და სტაბილური გახდა.
"რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველო აფხაზეთში სერიოზული სტრუქტურაა, მაგრამ დღეს მისი შედგენა მიმდინარეობს, მიდის მასშტაბური მშენებლობები და კეთილმოწყობა. შენდება ქალაქები", _ აცხადებს ბაღაფში.
მისივე თქმით, ის საკითხები, თუ როგორ პირობებში მოუწევს სამსახური მესაზღვრეებს ამჟამად მუშავდება - "იქნება ეს რადიოელექტრონიკა, თვალთვალის ობიექტები თუ ეკლიანი მავთული ახლა ვწყვეტთ".
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში ასევე აცხადებს, რომ მან ერთი კვირის წინ გალის რაიონში მშენებარე ობიექტები მოინახულა და ნანახით კმაყოფილი დარჩა - "სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი იმით თუ რა დონეზე მიმდინარეობს მშენებლობა".
"დღეისათვის ვერ ვიტყვით, რომ საზღვარი ასი პროცენტით არის დაცული. ძალიან ძნელია შემოხვიდე და 140-142 კილომეტრის საზღვარი უცბად დახურო. ეს პრაქტიკულად შეუძლებელია რამდენიმე მიზეზის გამო, რომელთაგან მთავარი არის ის, რომ ჯერ-ჯერობით თავად საზღვარია დაუდგენელი. არ არის ცნობილი თუ სად გაივლის ის. ამასთან დაკავშირებით სამუშაო ამჟამად მიმდინარეობს", _ აცხადებს სერგეი ბაღაფში.