საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის შეფასებით, პერევიდან რუსი ოკუპანტების გასვლა არის საქართველოს დეოკუპაციის დასაწყისი და არა დასასრული.
"რუსეთი უნდა გავიდეს ყველა იმ პოზიციიდან, რომელზედაც 7 აგვისტომდე ანუ ომის დაწყებამდე იმყოფებოდა. ასეთი პერევის გარდა, არის კიდევ უამრავი სხვა ადგილი. მათ შორის ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი. პერვიდან მათი გასვლა კი არის დეოკუპაციის დასაწყისი და არავითარ შემთხვევაში დასასრული", - აღნიშნა უტაიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პერევიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება: "პერევის დასახლებული პუნქტიდან რუსული სასაზღვრო საგუშაგოს გაყვანით ჩვენ მიერ "მედვედევი-სარკოზის" გეგმის საეჭვოდ შესრულების საკითხი საბოლოოდ დახურულია", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც პერევიდან რუსი ოკუპანტების გაყვანას ეხება. სერგეი ლავროვის უწყება პერევიდან რუსი ოკუპანტების გასვლას "კეთილი ნების მოქმედებას" უწოდებს.