საოჯახო სასტუმროების მფლობელებმა ქობულეთის მერიის წინ აქცია გამართეს და საბანკო სესხების გადავადება და ამ საკითხზე ცენტრალურ ხელისუფლებასთან შუამდგომლობა მოითხოვეს. მათი განმარტებით, საცხოვრებელი სახლები და საოჯახო სასტუმროები იპოთეკითაა დატვირთული, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი ქონებას დაკარგავენ.
მოსახლეობა ამბობს, რომ წელს პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, ტურისტული სეზონი ვერ შედგა. შესაბამისად ისინი სეზონური სესხების დაფარვას ვერ შეძლებენ. მათი კიდევ ერთი მოთხოვნაა მოხდეს აღნიშნული პროცენტის სუბსიდირება.
ქობულეთის მერის განმარტებით, უახლოეს პერიოდში შეიქმნება სპეციალური ბაზა, გაიწერება იმ საოჯახო სასტუმროების მეპატრონეთა სია, რომლებსაც ბანკებთან სასესხო ვალდებულები აქვთ. პროცესებში საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.