მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა სვანეთში შექმნილი საკარანტინო სივრცეებში არსებული მდგომარეობა შეაჯამა.
„სვანეთთან მიმართებაში ჩვენ, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან, მერიასთან 144-ის ცხელ ხაზთან ძალიან აქტიური თანამშრომლობით პირდაპირი კომუნიკაცია დავამყარეთ ფაქტობრივად ყველა დამსვენებელთან, რომელიც ამ პერიოდში რეგიონს სტუმრობდა. დღევანდელი მონაცემებით 1600-მდე ადამიანი გადაყვანილია საკარანტინო სივრცეში. მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ რამდენიმე დღეში დაიწყება და მომავალ კვირაში დასრულდება ტესტირება და შედეგების შესაბამისად საკარანტინო ზონებიდან ამ ადამიანების გამოშვება დაიწყება. მინდა ვისარგებლო აღნიშნული შესაძლებლობით და მადლობა გადავუხადო სვანეთში ადგილობრივ მოსახლეობას და დამსვენებლებს თანამშრომლობისთვის. ჩვენ გვესმის რომ შექმნილი ვითარება მათთვის კომფორტის არეალიდან გამოსვლას უდრიდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ საკარანტინო სივრცეებში საუკეთესო გარემო შეგვექმნა თითოეული მათგანისთვის.“-განაცხადა მარიამ ქრივიშვილმა.