თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს პირველადი დათვალიერებისას დაზიანებები არ აღენიშნება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"პირველ ეტაპზე, რაც შეიძლება ითქვას, ძალადობის კვალი არ აღენიშნება, რაც ნიშნავს იმას, რომ პირველადი დათვალიერებისას, მას მექანიკური დაზიანებები, იგულისხმება ცეცხლსასროლი თუ ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები, ძალადობის კვალი, ვიზუალურად არ აღენიშნება. თუმცა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის კვლევის მთავარი მიზანი არის ის, რომ დეტალურად შესწავლილი იყოს შინაგანი ორგანოები, მედიკამენტების და ნივთიერებების შესაძლო მოხვედრის როლი მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და როდესაც იქნება მეცნიერული კვლევა დასაბუთებული, დასკვნას გაგაცნობთ", - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.
თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღის წინ, დილის 11 საათზე სახლიდან მანქანით გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მისი კვალი თეთრიწყაროს ერთერთ სოფელში წყდებოდა, სადაც ბოლოს სოფლის მცხოვრებლებმა ნახეს.
ის სამართალდამცველებმა 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის ცხედარა არა სამართალდამცავებმა, არამედ მწყემსმა აღმოაჩინა.
კიდევ ერთი დაუდასტურებელი ვერსიით, შესაძლოა ავტომანქანა, მისი აღმოჩენის ადგილზე, გუშინ მიიყვანეს.
21 ივლისს ბაჩალიაშვილის ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა და პოლიციას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვა. სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი 22 ივლისს ჩაერთო.