საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი ევროსტანდარტების შესაბამისი 60 მანქანით განახლდა.
დღეს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ავტომობილების საპრეზენტაციო ღონისძიება თბილისის მერ კახა კალაძესთან და ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად გამართა.
60 ავტომობილიდან 45 სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაა, ხოლო 15 - მაღალი გამავლობის რეანიმობილი, რომელიც კრიტიკულ პაციენტთა სამედიცინო დაწესებულებათა შორის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.
ავტომობილები თბილისსა და რეგიონებში საჭიროებისამებრ გადანაწილდება.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლება 2014 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. დღემდე, ჯამში 362 ავტომობილი განახლდა.
პროექტი მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.