საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩაკეტვა ამ ეტაპზე არ იგეგმება. როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მიღებულია გადაწყვეტილება თერმოსქრინინგისა და გაფართოებული ტესტირების შესახებ.
"არ იქნა მიღებული საკოორდინაციო საბჭოს მიერ ჩაკეტვის გადაწყვეტილება. მიღებულია გადაწყვეტილება გაჩიანის შესასვლელ პუნქტებში თერმოსქრინინგის და ასევე, ამ რეგიონში მოსახლეობის გაფართოებული ტესტირების, კერძოდ გაჩიანის დასახლებაში", - განაცხდა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური ვითარება საკმაოდ საყურადღებოა.
გამყრელიძის თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შემთხვევათა უმეტესი რაოდენობა - 24 სწორედ გარდაბნის მუნიციპალიტეტზე მოდის.
"აქედან ექვსი თვითონ ქალაქ გარდაბანში, ოთხი არის გაჩიანის დასახლებაში შემავალ სოფელ ყარათაკლიაში და 14 ყარაჯალარში", - განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძის ინფორმაციით, შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა სოფელ ყარაჯალარში ფიქსირდება.