თბილისის განვითარების ფონდი პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში, რომის 4 ნომერში, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
შენობა გამორჩეულ მხვატრულ-არქიტექტურული სახით გამოირჩევა, მის ღირებულებას ერთიორად ზრდის მისი ისტორია - შენობის მეპატრონე მეცენატი გიორგი ქართველიშვილი, ხოლო არქიტექტორი სვიმონ კლდიაშვილია. სავარაუდოდ საუკუნის დასაწყისში გადაწყდა შენობის რეკონსტრუქცია, რომელიც ქართველ არქიტექტორ, სვიმონ კლდიაშვილს დაევალა.
კლდიაშვილის შემოქმედების ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშს სწორედ ქართველიშვილის სახლი წარმოადგენს, რომელიც ინდივიდუალური სტილისტიკითა და ხელწერით გამოირჩევა.
აღნიშნული ნაგებობა თბილისური მოდერნის ერთ-ერთ ადრეულ მაგალითს წარმოადგენს, რომელსაც საერთო სტილისურ ნიშნებთან ერთად ინდივიდუალური მახასიათებლები გააჩნია, რაც მის გამომსახველობას და ღირებულებას ერთიორად ზრდის.
გიორგი ქართველიშვილი ცნობილია მნიშვნელოვანი საქველმოქმედო საქმიანობით, რომელიც უკავშირდება ქართულ ისტორიას და კულტურას. 1881-1882 წლებში ქართველიშვილმა შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" გამოცემაზე დაიწყო ზრუნვა. წიგნის გასაფორმებლად მოიწვია რუსეთის საიმპერატორო კარის მხატვარი, ეროვნებით უნგრელი მიხაი ზიჩი.
1884 წელს მისი წინადადებით შეიქმნა კომისა, რომლსაც ვეფხისტყაოსნის ტექსტის ვარიანტების შეჯერება-დადგენაზე უნდა ემუშავა. კომისიის წევრები იყვნენ: ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი, რაფიელ ერისთავი, დიმიტრი ბაქრაძე, პეტრე უმიკაშვილი და იონა მეუნარგია.