რუსული კომპანია "როსნეფტი" მზადაა მიჰყიდოს ბენზინი აფხაზეთს, მონაწილეობა მიიღოს აფხაზეთთან ერთად შავი ზღვის შელფის დამუშავებაში და აფხაზეთში ახალი სახსრები ჩადოს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"როსნეფტმა" უკვე შეიტანა საინვესტიციო შენატანი ბენზინგასამართი სადგურების მშენებლობის საქმეში და ეს დაახლოებით 10 მილიონი აშშ დოლარია", _ განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა ედუარდ ხუდაინატოვმა. მისივე თქმით, ბენზინგასამართი სადგურების გახსნით, კომპანიამ აფხაზეთის საგადასახადო ბიუჯეტში 60 მილიონი რუსული რუბლი შეიტანა.
"როსნეფტი აფხაზეთის ხელისუფლებასთან პარტნიორობით რესპუბლიკაში ინვესტიციებით მყარად შევიდა და უკვე შედეგებზე ანგარიშის გაკეთებაც შეუძლია", _ აცხადებს ხუდაინატოვი.
მისივე თქმით, ამჟამად ტრავერსზე იმყოფება ორი გეოგრაფიული გემი, რომელიც შავი ზღვის შელფზე სეისმიკას ამოწმებს. ამიტომაც ჩვენ აქ მხოლოდ იმიტომ კი არ დავდივართ, რომ თქვენ ბენზინი მოგყიდოთ, ჩვენ მომავალშიც გვინდა მოგებაში ფულის ჩადება, თქვენთან ერთად მოგებაში. ეს ინტეგრირებული და სერიოზული შემოსვლაა", _ განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ ეს სამუშაოს მხოლოდ დასაწყისია.
შეგახსენებთ, რომ აფხაზმა სეპარატისტებმა რუსულ კომპანია "როსნეფტთან" თანამშრომლობის ხელშეკრულება 2009 წლის 24 დეკემბერს გააფორმეს.
რუსული კომპანია 2010 წლიდან შავი ზღვის გუდაუთის აკვატორიაში ნავთობის მოპოვების დაწყებას გეგმავს. ხელშეკრულების მიხედვით, ასევე გათვალისწინებულია აფხაზეთში ბენზინგასამართი სადგურებისა და თხევადი გაზის კომპლექსების მშენებლობა.
საერთო ჯამში "როსნეფტი" აფხაზეთში 15 მილიარდი რუბლის ინვესტიციის დაბანდებას აპირებს.