"უცხოელ პარტნიორებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. მასშტაბური პროექტი აჭარის დაბებსა და სოფლებში წყლისა და წყალარინების თანამედროვე სტანდარტების სისტემის მოწყობას ითვალისწინებს, რომლითაც 215 000 აბონენტი ისარგებლებს. ჩვენი მიზანია აჭარაში თითოეული მოქალაქისთვის შევქმნათ ცხოვრების ჯანსაღი პირობები, სადაც მოსახლეობა წყლით სარგებლობას უწყვეტ რეჟიმში შეძლებს და საბოლოოდ აღმოიფხვრება წყლების განმავლობაში ამ კუთხით არსებული პრობლემა. პროექტი ინტენსიურად ხორციელდება და მას არა მხოლოდ სოციალური არამედ ძალიან დიდი ეკონომიკური დატვირთვა აქვს"- განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ.
აჭარაში წყლის სისტემის განვითარების მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს. აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის ფარგლებში, სამუშაოები აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად ხორციელდება.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში განხორციელებული კვლევებისა და დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ კონსულტაციები უკვე დაიწყო.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე პროექტის მიმდინარეობის დეტალებს, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია MACS-თან, სს "აჭარის წყლის ალიანსთან", შუახევის მერ ფრიდონ ფუტკარაძესთან და პროექტის სხვა ექსპერტებთან შეხვედრისას გაეცნო.
შესაბამისი კვლევები ქობულეთის მუნიციპალიტეტის კონკრეტულ სოფლებში უკვე მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ კვლევითი სამუშაოები უკვე ქობულეთის სხვა სოფლებში განხორციელდება.
აჭარაში წყლის სისტემის განვითარების პროექტის ბიუჯეტი 59,5 მილიონი ევროა.
პროექტი გერმანია-საქართველოს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, KfW -თან ერთად ხორციელდება.