რუსი მესაზღვრეების პერევიდან გამოყვანა ალბათ მომავალი კვირისათვის მოხდება. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსულ მედიასთან საუბარში გააკეთა.
"რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება თავისი მესაზღვრეების სოფელ პერევიდან გაყვანის შესახებ, რომელიც სადავო ტერიტორიაზე - სამხრეთ ოსეთის ჯავის რაიონისა და საქართველოს საჩხერის რაიონის საზღვარზე მდებარეობს. ეს მომავალ კვირას შეიძლება მოხდეს", _ აცხადებს კარასინი.
მისივე თქმით, სოფელ პერევის დატოვების გადაწყვეტილება რუსეთს ჯერ კიდევ 2008 წლის დეკემბერში ჰქონდა მიღებული.
"პერევის დატოვებისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადანაცვლების გადაწყვეტილება, ჯერ კიდევ 2008 წლის დეკემბერში გვქონდა მიღებული. თუმცა იქ მაშინვე შევადნენ ქართველი სპეცრაზმელები, საქართველოს პრეზიდენტმა კი მომხდარს ქართული იარაღის უდიდესი გამარჯვება უწოდა. მაშინ ჩვენი მესაზღვრეები დაბრუნდნენ. სწორედ მას შემდეგ ვამზადებდით ჩვენ ჩვენი მესაზღვრეების მშვიდ გასვლას იქიდან. ეს უახლოეს დღეებში, არ გამოვრიცხავ რომ მომავალ კვირასაც მოხდეს", _ აცხადებს კარასინი.
მისივე თქმით, რუსული მხარე აწარმოებდა მოლაპარაკებებს ევროკავშირის მისიასთან იმის შესახებ, რომ მათ მიერ პერევის დატოვების შემდეგ "ქართულმა მხარემ მორიგი პროპაგანდისტული ნაბიჯი არ განახორციელოს".
"იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისია სერიოზულ გავლენას მოახდენს ჩვენს ქარველ პარტნიორებზე, იმისათვის, რომ ისინი მშვიდად, ღირსეულად და ცივილიზებულად მოიქცნენ. ამას დაგვპირდნენ", _ აცხადებს კარასინი.