სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ სამსახურის მიერ 2019 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე წარადგინა.
,,ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ მყისიერად. შესაბამისად, გამოძიებასაც ვიწყებთ დაუყოვნებლივ. ჩვენთვის პრიორიტეტია სწრაფი გამოძიების პროცესის უზრუნველყოფა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შემჭიდროებულ ვადებში ატარებს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს.
ჩვენი ქვემდებარე საქმეების გამოძიება ისევე, როგორც მისი ჩამდენი პირების გამოვლენა მთელ რიგ სირთულეებთან არის დაკავშირებული - არსებობს გამოწვევები, როგორც საკანონმდებლო, ისე ცალკეულ უწყებებთან თუ პროცესის მონაწილეებთან თანამშრომლობის კუთხით. სამსახურის შექმნის პირველ ეტაპზე აღნიშნული გამოწვევები ბუნებრივი პროცესია. მთავარია ჩვენ ეს გამოწვევები დროულად დავინახოთ და გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები მათ აღმოსაფხვრელად."