ჩვენ მონიტორინგს ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთ. ზოგადად პანდემიამდე და დღეს თუ გავაკეთებთ შედარებას, მგზავრთა ნაკადი დაახლოებით 50%-ით არის შემცირებული, როგორც მეტროში, ასევე ავტობუსებში, - ამის შესახებ თბილისის მერმა იმედის გადაცემა "ღია ეთერში" განაცხადა.
ამასთან, კახა კალაძის თქმით, გამოიკვეთა 15-მდე მარშრუტი, სადაც ადამიანების გადაჭარბებული რაოდენობაა. საუბარია მგზავრებზე, რომლებიც ფეხზე დგანან და ერთმანეთთან ახლოს არიან.
"ეს გარკვეულ პრობლემასა და დისკომფორტს წარმოადგენს. შესაბამისად ჩვენ დავიწყეთ ამ კონკრეტულ მარშრუტებზე ავტობუსების დამატება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით ცდილობს, მაქსიმალურად ცდილობს დაიცვას ის მოთხოვნები, რომელიც ჩვენი მხრიდანაა. პირბადის გარეშე მგზავრობის შემთხვევა ფაქტობრივად არ დაფიქსირებულა. თავიდან იყო რამდენიმე შემთხვევა და ამის გამო ავტობუსი არ დაიძრა. მინდა მოსახლეობას მადლობა გადავუხადო, რომლებიც უსაფრთხოებას მაქსიმალურად იცავენ", - აღნიშნა თბილისის მერმა.