თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, სადაც მან ამერიკაში მიმდინარე მოვლენები 20 ივნისს შეადარა, ეხმაურება მისი თანგუნდელი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი და აცხადებს, რომ თუ 20 ივნისს აქცია გაიმართება, ეს იქნება პროვოკაცია.
ვოლსკის თქმით, ეს იქნება კანონის დარღვევა და ის ეყრდნობა მთავრობის დადგენილებას. თუმცა, დადგენილებაში არსად წერია, რომ იკრძალება შეკრება-მანიფესტაცია. მთავრობის დადგენილება განსაზღვრავს, რომ სარიტუალო სუფრები, ქელეხები, ქორწილები და ათ კაცზე მეტის შეკრება სოციალური ღონისძიებისთვის აკრძალულია.
„რასაკვირველია, იგეგმება პროვოკაციები იმისათვის, რათა დარღვევა დააფიქსირონ და საზოგადოება და ხელისუფლება კიდევ ერთხელ ჩააყენონ უხერხულ მდგომარეობაში. თავადვე შეუწყვეს ხელი, რომ ეს მომხდარიყო, ზოგიერთი უბედური შემთხვევის თანხლებით. თუ იმას ზეიმობენ ერთი წლის თავს, როგორ მოახდინეს ასეთი დაძაბულობის პროვოცირება, ამაში სატრაბახო არაფერი აქვთ და ვფიქრობ, სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრებას უფრო ჰგავს ეს დაგეგმილი ღონისძიება“, - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.