ცხინვალი და მთელი სამხრეთ ოსეთის ტერიტორია სროლებისგან და მათ შორის სადღესასწაულო სროლებისგან თავისუფალი ტერიტორია უნდა გახდეს. ეს განცხადება დღეს ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან ჩატარებულ თათბირზე გააკეთა.
ოსური მედიის ინფორმაციით, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შს მინისტრმა ვალერი ვალიევმა განაცხადა, რომ კრიმინოგენული სიტუაცია სამხრეთ ოსეთში სტაბილურია, გრძელდება მოსახლეობაში არსებული იარაღის ამოღების პროცესი.
"თუკი სადმე იქნება სროლა, იმავე დღეს რაიონს ალყას შემოვარტყამთ და ტერიტორიას გავჩხრეკთ", _ განაცხადა ვალიევმა, რომლის ეს წინადადება ძალიან მოიწონა ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა.
"ცხინვალი და სამხრეთ ოსეთის მთელი ტერიტორია სროლებისგან თავისუფალ ტერიტორიად უნდა იქცეს, მათ შორის სადღესასწაულო სროლებისგანაც. ადამიანები თავისუფალ ატმოსფეროში უნდა ცხოვრობდნენ", _ განაცხადა ედუარდ კოკოითმა.