საქართველოში ტურიზმის ინდუსტრია ძალიან ფრთხილად და უსაფრთხოდ უნდა დავაბრუნოთ, - აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
მისი თქმით, სასტუმრო ობიექტებმა უკვე დაიწყეს იმ რეგულაციების დანერგვა და შემდგომი აღსრულება, რაზეც ადმინისტრაციამ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, კერძო სექტორის ჩართულობით იმუშავა.
ჯანდაცვის სამინისტროსა და კერძო სექტორთან ერთად შემუშავდა და გამოქვეყნდა COVID-19-თან დაკაშირებული რეკომენდაციები. სასტუმრო ობიექტებმა დაიწყეს რეგულაციების დანერგვა და აღსრულება. პირველ ეტაპზე სავალდებულოა განთავსების ობიექტების რეგისტრირება ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე. მათ უნდა გაიარონ პირველადი შემოწმება და მხოლოდ ნებართვის მიღების შემდგომ ექნებათ საშუალება, უმასპინძლონ სტუმრებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იმისთვის, რომ დავაბრუნოთ ტურიზმის ინდუსტრია საქართველოში, თუმცა დავაბრუნოთ ძალიან ფრთხილად და უსაფრთხოდ, რადგან მოქალაქეების ჯანმრთელობა და ვირუსის პრევენცია არის ჩვენი პირველი მისია", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მარიამ ქვრივიშვილი მიიჩნევს, რომ სასტუმროებისთვის შემუშავებული რეგულაციები რთულად შესასრულებელი არ არის.
"ჩვენ გამიზნულად შევქმენით სამუშაო ჯგუფები, რომელშიც მცირე, საშუალო და ასევე განთავსების მსხვილი ობიექტები შედიოდნენ. შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ კერძო სექტორი არის თანაავტორი ამ რეგულაციის. ზუსტად ამიტომაც გავითვალისწინეთ მათი თხოვნა, რათა არც კომერციული საქმიანობისთვის ყოფილიყო დიდი ტვირთი და მეორე მხრივ, არც აღსასრულებლად. ეს გულისხმობს სოციალური დისტანციის წესების დაცვას, უსაფრთხოების და ეპიდნორმების გატარებას სხვადასხვა საჯარო თუ არასაჯარო სივრცეში, რომელიც უზრუნველოფს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობასა და ვირუსის გავრცელების პრევენციას", - განაცხადა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განმარტებით, განთავსების ობიექტების შიდა ტერიტორიაზე ტურისტებს პირბადით გადაადგილება მოუწევთ.
"რაც შეეხება ტურისტებს, მათ მოუწევთ სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე პირბადით გადაადგილება, სოციალური დისტანციის დაცვა. ეს არის ის, რაც ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხდება. განსხვავებული მიდგომები შემოდის უშუალოდ ღია და დახურულ სივრცის რესტორნებში, რომელიც შეიძლება, იყოს ცალკე, თუ უშუალოდ სასტუმრო ობიექტში. საუბარია მაგიდებს შორის ორ მეტრიან დისტანცირებაზე, ერთ მაგიდასთან არაუმეტეს ექვსი სტუმრის განთავსებაზე და ა.შ. განთავსების ობიექტებში ძირითადად ხაზი ესმება შიდა, ისევე როგორც საერთაშორისო მოგზაურის მხრიდან, პირბადის სავალდებულო ტარებას. აქვე მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული რეგულაციები შემოვიდა კვების ობიექტების, ასევე ოთახის დალაგების ნაწილში. ხაზი ექნება გასმული ისეთ მიმართულებებს, როგორი არის ხშირად შეხებადი ნივთები, ოთახის დალაგების სპეციფიკა", - განაცხადა მარიამ ქვირივიშვილმა.
მისი თქმით, სასტუმროებში აუზების მუშაობისას ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რეგულაციები, რაც ეხება უშუალოდ წყლის დასუფთავებას, ქლორის შესაბამის პროცენტულობას და ა.შ.
"ეს არის ვირუსის გავრცელების პრევენცია და უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობას. აღნიშნული რეგულაციები ძალიან სწრაფად, ეფექტიანად და უმტკივნეულოდ რომ გატარდეს ჩვენს ქვეყანაში, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შეიმუშავა სატრენინგო პროექტი, რომელიც ივნისის დასაწყისიდან მიმდინარეობს, ძალიან ბევრ განთავსების ობიექტს,ისევე როგორც სხვადასხვა კერძო სექტორს, აქვს საშუალება, დაესწროს აღნიშნულ ტრენინგს, სრულებით უსასყიდლოდ. კერძო სექტორი თავის მხრივ, სწრაფად დანერგავს იმ სავალდებულო აღსრულებად რეგულაციებს, რომელიც ექვემდებარება პირველ რიგში შემოწმებას, შემდგომ ნებართვის გაცემას და შემდეგ უკვე ტურისტის მიღებასა და მასპინძლობას", - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.
საქართველოში სასტუმროები მუშაობის განახლებას დღეიდან შეძლებენ. საუბარია სასტუმროებზე, რომლებსაც შესაბამისი ნებართვა აქვთ.