საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის წევრი კომპანიები "გლენბერი" და "მაგალ" კორონავირუსით გამოწვეული საგანგებო მდომარეობის მიუხედავად, საკუთარი პროდუქციის ექსპორტს ზრდიან. კომპანიის მფლობელი ისრაელის მოქალაქე რაფაელ მაღალაშვილია.
"გლენბერის" ხილის გაყინვის საწარმო კასპის რაიონის სოფელ ქვენა ტკოცაშია. ის აწარმოებს მაღალი ხარისხის გაყინულ ხილს და კენკროვნებს (ატამი, ქლიავი, ბალი, ალუბალი, მარწყვი, მოცვი, მაყვალი), რომელიც აშშ-ში, ისრაელსა და შვეიცარიაში გადის.
რაფაელ მაღალაშვილის თქმით, პანდემიის პერიოდში, კომპანია "გლენბერმა" 4 კონტეინერი გაყინული მარწყვი გაიტანა ექსპორტზე. საწარმოს აქვს 40 კონტეინერ მარწყვზე შეკვეთა, თუმცა საქართველოში ამ რაოდენობის შესაბამისი ხარისხის ხილი არ არსებობს, ამიტომ კომპანია "მაგალმა" 11 ჰექტარზე თავად გააშენა მარწყვი, 8 ჰექტარზე კი მოეწყო ბოსტნეულის სათბური.
"მაგალს" 3.5 ჰექტარზე მოყავს აგრეთვე, პომიდორი, რომელიც მხოლოდ იტალიაში იყიდება.
მეწარმის თქმით, მის კომპანიებს აქვთ მსხვილი შეკვეთა შვეიცარიიდან, თუმცა საქართველოში ამ რაოდენობის პროდუქტი არ არსებობს.
რაფაელ მაღალაშვილის კომპანია აწარმოებს, აგრეთვე, ქაშერულ პროდუქციასაც, რომელიც ძირითადად აშშ-ის სუპერმარკეტებში იყიდება.
საქართველოში ქაშერი პროდუქციის წარმოების ინიციატორია საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა, რომლის მხარდაჭერითაც კომპანია "ბადაგონმა" უკვე ჩამოასხა ქაშერი ღვინო.
პროდუქციამ პირველივე წელს გერმანიაში საერთაშორისო კონკურსზე ოქროს მედალი მოიპოვა. ბიზნესპალატის ხელმძღვანელის იციკ მოშეს თქმით, ორგანიზაცია აქტიურად ეხმარება წევრ კომპანიებს განვითარებაში, საერთაშორისო კონტაქტების დამყარებასა თუ გარკვეული გამოწვევების დაძლევაში.