მირჩევნია აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვარი ეკლიანი მავთულის იყოს. ეს განცხადება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა გაზეთ "კომერსანტისათვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
"საქართველოსა და აფხაზეთს შორის საზღვრის გავლების ორი ვარიანტი გვაქვს _ შეიძლება ბოძების დაყენება და ასევე შეიძლება ეკლიანი მავთულის გავლება. მე პირადად ვემხრობი იმას, რომ იქ იყოს საზღვარი ეკლიანი მავთულით. არავის არ მივცემთ საშუალებას გალის რაიონში დამნაშავეების ბუდე შექმნას", _ აცხადებს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი და რუსულ მედიას ამცნობს, რომ საქართველოსა და აფხაზეთს შორის საზღვრის აფხაზეთის მხარეს გადაწევის გამო, აფხაზეთის ტერიტორიის 5 კილომეტრი საქართველოს მხარეს დარჩა.
"ჩვენი საზღვარი ყოველთვის გადიოდა მდინარე ენგურზე, მაგრამ მოხდა ისე, რომ ქვედა ზონაში საზღვარმა ჩვენ მხარეს გადმოიწია ენგურიდან 5 კილომეტრის დაშორებით. დღეს კი ეს საქართველოს ტერიტორიად ითვლება. იქაც ისეა, როგორც რუსეთსა და უკრაინას შორის საზღვარზე, საზღვარი გადის სახლებსა და ბოსტნებს შორის. იქ ძალიან ბევრია კონტრაბანდა. დამნაშავეები გადარბიან აქედან იქით და პირიქით. ახლა ჩვენ დავალაგებთ იქ ყველაფერს, გავამაგრებთ საზღვარს და იქნება წესრიგი", _ აცხადებს ბაღაფში.
მისივე თქმით, მდინარე ენგურზე მდებარე საზღვარზე უახლოეს მომავალში კიდევ ერთი საკონტროლო გამშვები პუნქტი გაიხსნება, რომლის მეშვეობითაც აფხაზეთის მოსახლეობას საქართველოში დარჩენილი ნათესავების მონახულება გაუადვილდება.
"მოსახლეობა საქართველოში დარჩენილ თავის ნათესავებთან ივლის სასაზღვრო საგუშაგოების გავლით. ახლა ერთი ასეთი საგუშაგო ფუნქციონირებს და უახლოეს მომავალში კიდევ ერთი საგუშაგო გაიხსნება. ეს ნორმალური ცივილიზებული გადაწყვეტილებაა", _ აცხადებს ბაღაფში.