ოსი სეპარატისტები საერთაშორისო საზოგადოებასა და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს სთავაზობენ, ააშენონ საცხოვრებელი სახლები 100 000 საქართველოდან დევნილი ოსი ეროვნების ადამიანისათვის. ეს განცხადება ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებულმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევმა გააკეთა. ჩოჩიევის თქმით, ამ ადამიანებს დაკარგული საკუთრების უფლებაც უნდა აღუდგეთ.
"საერთაშორისო საზოგადოება, დევნილთან საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარიატი მთელს ქალაქებს აშენებენ წეროვანში და საქართველოს სხვა ადგილებში, იმ პირებისათვის, რომლებიც დაზარალებულები საერთოდ არ არიან და რომლებიც არავის არ გამოუყრია სამხრეთ ოსეთიდან.
რატომ არ სურს იგივე გაეროს კომისარიატს დევნილთა საკითხებში, რომ ააშენონ ასეთივე ქალაქები ოსი დევნილებისათვის, რომლებსაც არ მიუღიათ მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში და დაზარალდნენ მხოლოდ თავიანთი ეროვნების გამო", _ აცხადებს ბორის ჩოჩიევი და დასძენს, რომ "რატომ არ განიხილება საცხოვრებლის მშენებლობა ასი ათასზე მეტი ოსი ეროვნების ადამიანისათვის, რომლებიც XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში გამოყარეს საქართველოდან მხოლოდ იმის გულისათვის, რომ ისინი ოსები იყვნენ".
მისივე თქმით, დღეისათვის ამ ადამიანების საცხოვრებლით უზრუნველყოფას ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობა საკუთარი ძალებით ცდილობს. მეტიც, ჩოჩიევი თქმით, ამ ოს დევნილებს საკუთრების უფლებაც უნდა აღუდგეთ.
აღსანიშნავია, რომ ამ საკითხის დაყენებას ოსი სეპარატისტები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე აპირებენ, რომლებიც ხვალ დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები