საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ, თურქეთის ონლაინ და ბეჭდურ გაზეთებს ინტერვიუ მისცა და სარფის სასაზღვრო პუნქტის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"აუცილებელია, რაც შეიძლება მალე სარფის სასაზღვრო პუნქტის გახსნა, მალე ჩაის სეზონი დაიწყება და ადამიანებს, რომლებიც სეზონურად თურქეთში სამუშაოდ მიდიოდნენ ახლა ცუდ მდგოამრეობაში აღმოჩნდნენ. თურქეთის და საქართველოს ერთად დგომით და მუშაობით ვიმედოვნებ მალე მოხდება საზღვრის გახსნა. ვფიქრობ, COVID-19-ის სწრაფი ტესტით შემოწმებით, მუშაობისას სოციალური დისტანციის დაცვით და ჩაის კრეფის მსვლელობისას ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ნორმების დაცვით, შესაძლოა მოხდეს ორგანიზებულად მუშაობის მსურველების ჩამოყვანა თურქეთში” , - აღნიშნა ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ.
ასოციაციის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა ბიზნესის განვითარებასა და სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე: „ჩვენ ასოციაციის წევრებთან ერთად ვაწყობთ ვიდეოშეხვედრებს და განვიხილავთ, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ სამომავლოდ ბიზნესისთვის და, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის. დიახ, მთავრობასთან და სხვადასხვა კომპანიასთან მიმდინარეობს კონსულტაციები. პირველ რიგში, ყველამ ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ არ დავაზარალოთ ჩვენი საზოგადოება, თითოეული კომპანია თანამშრომლის შენარჩუნებას უნდა შეეცადოს, ეს ვირუსი ყველამ ერთად უნდა დავამარცხოთ. უპირველესად, აუცილებელია, სოფლის მეურნეობის განვითარება და იმ სამომხმარებლო პროდუქტის წარმოების სუბსიდირება, რისი დეფიციტიც უკვე გაჩნდა. ჩვენ ვეცდებით პანდემიის პირობებშიც სახელმწიფოს მხარდაჭერის ერთად გავაგრძელოთ ინვესტიციების მოზიდვა. რაც შეეხება სოციალურ პასუხისმგებლობას, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მთავრობასთან ერთად ადრეც ვეხმარებოდით და ახლაც ვეხმარებით მრავალშვილიან ოჯახებს, სოციალურად დაუცველებს, ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი მხარში დგომა სჭირდებათ“ , - აღნიშნა ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ.