15-16 ოქტომბერს სოხუმში აფხაზეთის მეორე ე. წ. "საქმიანი ფორუმი" გაიმართება. ფორუმის სახელწოდებაა "აფხაზეთი-2010: მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და რუსეთთან საერთორეგიონალური თანამშრომლობის გაფართოებისთვის". ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"ფორუმში 500-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ეს იქნებიან რუსეთისა და აფხაზეთის სახელმწიფო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესის წარმომადგენლები და ექსპერტები. ფორუმის ორგანიზატორი ფონდი "ევრაზიული კვლევების განვითარების ინსტიტუტია", _ იუწყება აფხაზური მხარე.
აფხაზური მხარე ასევე იუწყება, რომ ფორუმზე რუსეთის 18 რეგიონის წარმომადგენელი და 6 გუბერნატორი ჩამა.
"15 ოქტომბერს გაიმართება ფორუმის პრეზენტაცია და გამოფენების გახსნა. გამოფენებში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის რეგიონების განვითარების სამინისტრო, "როსზარუბეჟსტროი", "გაზპრომი", "ვნეშტორგბანკი", "მეგაფონი" და "როსნეფტი". აქვე გაიმართება აფხაზეთის მთავრობის საიტის პრეზენტაცია", _ იუწყება აფხაზური მედია.
ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ნარიშკინი. მოხსენებას წაიკითხავს ე. წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა.