ოსი სეპარატისტები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
სეპარატისტები მოლაპარაკებათა ამ რაუნდზე აპირებენ კვლავ დააყენონ საკითხი საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.
"ამას გარდა, მოლაპარაკებებზე ასევე დავაყენებთ სამხრეთ ოსეთის უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეებისა და ახალგორის რაიონისათვის გაზის მიწოდების საკითხს", _ განაცხადა გამგზავრების წინ ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებულმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევმა.
ბორის ჩოჩიევის გარდა ოს სეპარატისტთა დელეგაციაში ასევე შედიან, ჩოჩიევის მოადგილე მერაბ ჩიგოევი, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მურატ ჯიოევი, ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველი კონსტანტინე კოჩიევი და ე.წ. ადამიანის უფლებების დამცველი დავიდ სანაკოევი.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები 14 ოქტომბერს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები