ყველა იმ ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომელიც საქართველოს ტურისტული ინდუსტრიისთვის ტრადიციულად ღირებული იყო, ასევე გვაქვს შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მეტად მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტი მოვიზიდოთ, - განაცხადა ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის პრეტენტაციის შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც მარიამ ქვრივიშვილი განმარტავს 15 ივნისს ქვეყანაში შიდა ტურიზმი ოფიციალურად გახსნილად გამოცხადდება, ხოლო 1-ელი ივლისიდან ქვეყანა საერთაშორისო მოგზაურებისთვის იხსნება. თუმცა მანამდე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მთავრობის სხვა რგოლთან ერთად გარკვეული სამუშაოები აქვს ჩასატარებელი.
„ეს არის მოსამზადებელი პერიოდი მოლაპარაკებისთვის, როგორც პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე ავიაკომპანიებთან, შესაბამისად ყველა იმ ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომელიც ჩვენი ტურისტული ინდუსტრიისთვის ტრადიციულად ღირებული იყო, ან შესაძლებელია დღეს გვქონდეს ახალი შესაძლებლობა, რომ მოვიზიდოთ ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტი.
როგორც უკვე ნახეთ 15 ივნისი არის შიდატურიზმის გახსნის თარიღი, ხოლო 1-ელი ივლისი საერთაშორისო მოგზაურების, რაც ასევე გულისხმობს როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო ტურისტების შემოსვლას.
ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ კერძო სექტორთან, რა თქმა უნდა გამოყოფილია ისეთი ქვეყნები, სადაც საქართველოს ცნობადობა მაღალი იყო, თუმცა ჩვენ მუდმივად ვმუშაობდით ცნობადობის გაზრდაზე”, განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი განმარტავს, შიდატურიზმის გახსნა სრულიად საქართველოს შეეხება და უკვე განსაზღვრულია ის კრიტერიუმები რომელსაც განთავსების თუ კვების ობიექტები უნდა აკმაყოფილებდნენ.
“ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას იყო მკაფიოდ გამოკვეთილი ის კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს სასტუმრო, კვების ობიექტი, ტურისტული კომპანია, გიდი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ დაცულები. ყველა ის კურორტი, სასტუმრო თუ კვების ობიექტი, რომელიც დანერგავს საერთაშორისო ნორმებს, რომლის დანერგვაშიც ხელს შევუწყობთ ჩვენ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს მთავრობა იქნება ტურისტულად აქტიური”, განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.