ვენის აეროპორტში ტურისტებს COVID-19-ზე ტესტის ჩატარებას სთავაზობენ. ანდორაში სახმელეთო საზღვრებზე ანტისხეულებზე კვლევების ჩატარებას იწყებენ.
ვენის საერთაშორისო აეროპორტში ჩამომფრენი მგზავრების COVID-19-ზე ტესტირება რამდენიმე დღეა რაც დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ნეგატიური პასუხის შემთხვევაში 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა აღარ მოუწევს. ანალიზის გაკეთების შემდეგ, პასუხი 2-3 საათშია. თავად კვლევა კი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (PCR) ხდება. ტესტირება მგზავრისთვის ნებაყოფლობითია და 190 ევრო ღირს. ანალიზის პასუხის შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი, რომელიც 4 დღის განმავლობაშია აქტიური.
ტესტირების გავლა გამფრენ მგზავრსაც შეეძლება და მათზეც შესაბამისი საბუთი გაიცემა, რომლის წარდგენაც მათ იმ ქვეყნის აეროპორტში შეეძლებათ სადაც მიემგზავრებიან.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ვენის აეროპორტი ემსახურება შემდეგ რეისებს: დოჰა, დორტმუნდი, დიუსელდორფი, ფრანკფურტი, ჰამბურგი, ლისაბონი, მინსკი და სოფია. აეროპორტში ასევე მუშაობს ტერმინალი, რომელიც მხოლოდ ბიზნეს ავიაციას ემსახურება. ყველა მგზავრი ვალდებულია აეროპორტის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდეს ნიღბით და იცავდეს სოციალურ დისტანციას.
სახმელეთო საზღვრებში ტესტირებას მოახდენს ასევე ანდორაც. თუ კი ტესტის შედეგად დადგინდება, რომ ტურისტი ჯანმრთელია მას ქვეყანაში ჩვეულებრივად შეუშვებენ.