ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე რუსული მხარე მთავარ საკითხად კვლავ საქართველო-ე.წ.სამხრეთ ოსეთს, საქართველო-აფხაზეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული დოკუმენტის გაფორმებას დააყენებს.
აღნიშნულზე საუბარია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ლავროვის უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
"შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა პრევენციებისა და ინციდენტების რეაგირების ერთობლივ მექანიზმებს, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვრებთან ნდობის აღდგენასა და უსაფრთხოების კუთხით. ასევე სერიოზული ყურადღება დაეთმობა ჰუმანიტარულ თემატიკას. აღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია სოხუმის და ცხინვალის ხედვა, რომლებსაც საშუალება არ ეძლევა საერთაშორისო საზოგადოებასთან, ფორუმებზე და სხვა ტრიბუნიდან თავისი მოსაზრებების გააჟღერების", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
ამასთან, რუსული მხარე მზად არის ნებისმიერ საკითხზე პროდუქტიული დიალოგისთვის კონსტრუქციულ ატმოსფეროს ფარგლებში.
შეგხსენებთ, რომ 14 ოქტომბერს ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-13 რაუნდი გაიმართება.