ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებთან უვიზო რეჟიმის დამყარების გამო პრობლემები შეიძლება თრუსოს ხეობის მიმართულებით შეიქმნას. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კავკასიის საკითხებში ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განუცხადა.
"სერიოზული ყურადღება გვმართებს იმ პროცესების მიმართ, რომელიც მიმდინარეობს ჩრდილოეთ ოსეთში. ვგულისხმობ თრუსოსხეობელი ოსების ორგანიზაცია "დარიალს", რომელიც, მიუხედავად რამდენიმე მცდელობისა, ორგანიზებულად საქართველოში ვერ შემოვიდა. ახლა როგორ უნდა შევუშალოთ ხელი, არ ვიცი. ესენი არიან რუსეთის მოქალქეები, რომლებსაც ჩაწერა აქვთ ჩრდილოეთ კავკასიის რომელიმე რესპუბლიკაში. თუ ჩვენს ხელისუფლებას აქვს პოზიცია, რომ ეს ხალხი არ უნდა გამოატაროს, მაშინ როგორ უნდა დაიბლოკოს მათი საქართველოში შემოსვლა ამ ბრძანებულების შემდეგ", - განაცხადა არეშიძემ.
მისი თქმით, ორგანიზაცია "დარიალის" წევრების გამოტარება შეიძლებოდა მომხდარიყო მკაცრი კონტროლის ქვეშ. მათ უნდა დაჰბრუნებოდათ თავიანთი სახლები, მაგრამ ეს უნდა მომხდარიყო საქართველოს ხელისუფლების კონტროლით და არა ისე სპონტანურად, როგორც ეს მათ უნდოდათ.
"ყველა ადამიანს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა აქვს და თავს ჩვენს მოქალაქედ გრძნობს, მშვიდობიანი ცხოვრების საშუალება უნდა მიეცეს, მაგრამ ახლა როგორ უნდა განასხვაონ ისინი, ეს არის საინტერესო. ამის გათვალისწინებით, თრუსოს ხეობაში შეიძლება პრობლემები შეიქმნას", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენსთან" საუბრისას არეშიძემ.
მისი თქმით, "დარიალი" საკითხს ისე არ აყენებს, რომ ის ადამიანები, ვინც ცხოვრობდნენ თრუსოს ხეობაში და კობის ქვაბულში, უკან დაბრუნდნენ, არამედ ისინი აყენებენ საკითხს, რომ ეს ტერიტორიები არის სამხრეთ ოსეთის ან ჩრდილოეთ ოსეთის.