სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა გერმანელ და ჰოლანდიელ ბიზნესმენებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის ე. წ. პრესმდივანი რუბენ მიგრანიანი ავრცელებს.
მიგრანიანის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილებოდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ბიზნესის აფხაზეთში შესაძლო ინვესტირებისა და თანამშრომლობის საკითხები.
"სერგეი შამბამ განუმარტა ბიზნესმენებს აფხაზეთში არსებული სიტუაცია ეკონომიკური მიმართულებით, ასევე ისაუბრა პრიორიტეტულ მიმართულებებზე", - განაცხადა მიგრანიანმა და დასძინა, რომ ევროპელებს საკითხთა ფართო სპექტრი აინტერესებდათ. კერძოდ, საბანკო სისტემა, შეღავათები ინვესტორებისთვის, რუსეთის საზღვარზე არსებული მდგომარეობა და სხვა მრავალი საკითხი.
"ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხის მიღების შემდეგ, ევროპელებმა პირობა დადეს, რომ მომავალი ვიზიტის დროს კონკრეტულ ბიზნესპროექტებს ჩამოიტანდნენ", _ იუწყება აფხაზური მხარე.