სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართული მხარისგან აფხაზეთის ე.წ. მოქალაქის გარი ჯოპუას გათავისუფლებასა და მის აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებისათვის გადაცემას მოითხოვს. ამასთან დაკავშირებით, განცხადებას აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი მტკიცებით, გარი ჯოპუა საქართველოს სპეცსამსახურებმა მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს დააკავეს. "ჩვენ სერიოზულად ვართ შეშფოთებულები ჯოპუას ბედით", _ ნათქვამია სეპარატისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამას გარდა, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის წარმომადგენელს პიტერ სემნებს მიმართავს და სთხოვს ყველა ღონე იხმაროს აფხაზეთის ე.წ. მოქალაქის სამშობლოში დასაბრუნებლად.
ამას გარდა, აფხაზური მხარე ასევე აღნიშნავს, რომ აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ მიმდინარე წლის 9 სექტემბერს დააკმაყოფილა ევროკავშირის თხოვნა და იარაღის უკანონოდ შენახვისათვის ბრალდებული მალხაზ კორძაია გაათავისუფლა.