წელს ვერ მივალ ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია დაარღვიოს კანონი და წესი, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებისადმი ვიდეომიმართვაში.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ეს ჩვენი რწმენის დიდი გამარჯვება იქნება! ეს ერთიანობა ჩვენი მთავარი იარაღია დღეს, ამ დიდ ბრძოლაში, რომელშიც ჩართულნი ვართ. ჩვენმა საზოგადოებამ, ჯანდაცვის სისტემამ, ხელისუფლებამ და ყველა მოქალაქემ ამ დღეებში ძალიან დიდი მაგალითი მოგვცეს. ჩვენი ექიმების გონივრული ნაბიჯები, ჩვენი მთავრობის დროული ნაბიჯები, ის თვითშეგნება, რომელიც გამოიჩინა მთელმა საზოგადოებამ, ეს არის ის, რაც მთელმა მსოფლიომ დაინახა და აღნიშნა, მაგრამ ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ ჯერ კიდევ შუაგულ კრიზისში ვართ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ბრძოლა. არ უნდა მოვდუნდეთ, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ რაღაცნაირად ჩვენ გადარჩენილნი ვართ, არ ვართ ჯერ გადარჩენილნი. ეს ჩვენგან ჯერ კიდევ ბევრ მოთმინებას, ბევრ გონიერ ნაბიჯსა და სახლში დარჩენას მოითხოვს”, - თქვა პრეზიდენტმა.