დღეიდან, იაპონიაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი შევა ძალაში. ამის შესახებ ჯერ კიდევ გუშინ გახდა ცნობილი, როდესაც პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ თავისი განზრახვა იაპონიის პარლამენტის წევრებს გაუზიარა.
"კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, საჭიროდ მივიჩნევ, ერთი თვის ვადით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის შემოღებას იაპონიის შვიდ პრეფექტურაში: ტოკიო, კანაგავა, საიტამა, ოსაკა, ფუკუოკა, ჩიბა, ჰიოგო", - თქვა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა მუშაობს ეკონომიკის სტიმულირების კანონზე, რომლის ბიუჯეტი 900 მლრდ დოლარი იქნება. გათვალისწინებულია მოქალაქეთა პირდაპირი ფულადი დახმარება.
აღსანიშნავია, რომ იაპონია თავს იკავებდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისგან, თუმცა მას შემდეგ, რაც ბოლო 24 საათში ტოკიოში იმატა ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელმა, მთავრობამ აუცილებლად მიიჩნია ამ გადაწყვეტილების მიღება.
ბოლო ინფორმაციით, იაპონიაში კორონავირუსით ინფიცირების 4 618 შემთხვევაა აღრიცხული, გარდაიცვალა 91 ადამიანი.
იაპონიის კანონმდელობა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი განსხვავებულად არის წარმოადგენილი, ვიდრე დანარჩენ ქვეყნებში. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მეტწილად ორიენტირებულია მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებისკენ, ვიდრე სადამსჯელო ზომებისა და ჯარიმების შემოღებისკენ.
საგანგებო რეჟიმი პრეფექტურების ხელმძღვანელობას შესაძლებლობას აძლევს, სთხოვოს მოსახლეობას სახლში დარჩენა და შეზღუდოს დაწესებულებების საქმიანობა, ან სრულად დახუროს ისინი.
ადგილობრივი ხელისუფლებები უფლებამოსილნი არიან "დაუმორჩილებლობის" შემთხვევაში ამხილონ ესა თუ ის კომპანია. იაპონიაში "მხილება", საზოგადოების მხრიდან დაგმობა გაცილებით დიდ სასჯელად აღიქმება, ვიდრე ჯარიმა.