ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის გამოსვლას მორიგ პროვოკაციად აფასებს. ამის შესახებ ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა სააგენტო "რესს" განუცხადა.
მისი თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალების ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ყოფნა საქართველოსთან არანაირ კავშირში არ არის. ისინი იქ ორ სახელმწიფოს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე იმყოფებიან.
მისი შეფასებით, კლინტონის განცხადება საქართველოს დეოკუპაციის შესახებ მორიგ პროვოკაციას წარმოადგენს, რადგანაც საქართველოს ხელისუფლებას უბიძგებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სიტუაციის გააქტიურებისკენ.
"კლინტონი და სხვა მაღალი წრის ამერიკელი ჩინოვნიკები, რომლებიც სიტყვა "ოკუპაციას" სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში იყენებენ, ამ ტერმინს უსაფუძვლოდ ხმარობენ. რაც შეეხება მედევედევ-სარკოზის შეთანხმებას, მას რუსეთი ასრულებს, საქართველო კი პირიქით, აშშ-ისა და დასავლეთის მხარდაჭერის იმედით, ამ დრომდე უარს აცხადებს სამხრეთ ოსეთზე თავდაუსხმელობის შესახებ პირობის აღებაზე", - აღნიშნა სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, აშშ-ის პოზიცია კავკასიაში უსაფრთხოების კუთხით ჟენევის მოლაპარაკებებს კიდევ უფრო ართულებს.