მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის. საქართველოში, ფაქტიურად, სახელმწიფოს ყველა რესურსი, უწყება, ინსტიტუტი ამ დაავადებასთან ბრძოლისთვის არის მობილიზებული. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც და ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა თანხმდება, რომ უზარმაზარ გამოწვევასთან ბრძოლის კუთხით, სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა. საინტერესოა, ამ დროს, რა ხდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არიან კი მზად იქ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები კორონავირუსული ინფექციის აფეთქებისთვის? ასევე, საინტერესოა, იქ ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო-რუსეთი ამ ადამიანებზე ზრუნავს კი? ადგილობრივი რეჟიმების მიერ აუცილებელი პრევენციული ღონისძიებები ტარდება? ცნობილია, რომ კორონავირუსის გავრცელებისთანავე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, იმ ფაქტს საგანგებოდ გაუსვა ხაზი, რომ ყველაზე დიდი რისკი იქ არის მოსალოდნელი, სადაც ჯანდაცვის სისტემა გამართულად არ მუშაობს.
როგორც ცნობილია, 2020 წლის 27 თებერვლიდან საოკუპაციო რეჟიმმა კარანტინი გამოაცხადა და ენგურთან არსებულ ე.წ გამშვებ პუნქტზე შეზღუდვები დააწესა. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ რეჟიმის უწყებებს გარკვეული ზომების მიღება დაავალა. ვალერი ბგანბამ მაშინ განაცხადა, რომ იზღუდება აფხაზეთის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა- გარდა რუსეთის მოქალაქეებისა. 11 მარტს კი ბგანბამ გამოსცა ბრძანება საქართველოსთან ე.წ საზღვრის მთლიანად დაკეტვის შესახებ. ამავე დროს, არ შეჩერებულა მიმოსვლა ფსოუზე, სადაც ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის ფედერაციის უკანონო საზღვარი მდებარეობს. მართალია ოკუპირებულ აფხაზეთში ამბობენ, რომ კორონავირუსის შეჩერება უნდათ და ზღუდავენ მიმოსვლას იმ „მეზობელ“ ქვეყნებთან, სადაც დაავადება დაფიქსირდა, მაგრამ ამას არ აკეთებენ რუსეთთან.
და ამ დროს, რას უცხადებს დე ფაქტო აფხაზეთის მთავარი სანიტარული ექიმი ლუდმილა სკორიკი „Спутник-Абхазия“-ს: „აფხაზეთში 14-დღიანი კარანტინი ჯერ არ ამოქმედებულა, ჩვენ არ შეგვიძლია აქ ხალხის მიღება, სადმე სანატორიუმებში ან ორი კვირით თვითიზოლაციაში გაშვება. მათ მხოლოდ დაკვირვება მედ. მუშაკებთან უნდა გაიარონ, ჩვენ ასეთი შესაძლებლობები არ გვაქვს“. ჯანდაცვის და სოც. უზრუნველყოფის დე ფაქტო მინისტრმა ცახნაკაიამ კი განაცხადა, რომ ამ დროისთვის აფხაზეთში კორონავირუსული ინფექციისთვის საჭირო ტესტები არ აქვთ. ისინი რუსეთიდან მხოლოდ 19 მარტს ჩამოვა. მისი თქმით, „მსგავსი სიმპტომატიკის შემთხვევაში პაციენტებს ა და ბ ტიპის გრიპის ტესტებს უკეთებენ.“ და თუ კი ასეთი ტიპის გრიპი არ ვლინდება, მაშინ სინჯებს სტავროპოლის ლაბორატორიაში აგზავნიან. აი, სულ ეს არის, რა რესურსი, რა შესაძლებლობები აქვს დღეისათვის იმ ხალხს, რომელიც რუსეთის ფედერაციის იმედზე დარჩა. თუმცა, ფაქტია, რუსი „მფარველისგან“ მათ ჯანდაცვას ამ დრომდე კორონავირუსზე ტესტებიც კი არ მიუღია. საუბარი აღარ არის იმაზე, თუ რა მდგომარეობაშია დღეს აფხაზეთის საავადმყოფოები, ან რა დონის მედიკამენტები და სამედიცინო აღჭურვილობა არსებობს.
რა ხდება ცხინვალის რეგიონში
რა ხანია, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჰუმანიტარული კრიზისია დამდგარი. 4 თვეზე მეტ ხანს ჩაკეტილი იყო ახალგორი - 2019 წლის 4 სექტემბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი დე დაქტო ხელისუფლებამ მოსაბრუნის (ე.წ. რაზდახანის) გამშვები პუნქტი ჩაკეტა. იქ მცხოვრებ მოსახლეობას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება არ ჰქონდა, რაც მათთვის სამედიცინო მომსახურებასა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წამლებზე წვდომის შეზღუდვას ნიშნავდა, გაყოფილი იყვნენ ოჯახებიც, პენსიონერები ვერ იღებდნენ პენსიებს. 2019 წლის 27 დეკემბერს ახალგორელების და ანატოლი ბიბილოვის შეხვედრა შედგა, რომლის დროსაც მას რამდენიმეჯერ უყვირეს, იყო ხმაური და დაძაბულობა, რეალურად ხალხი წყობიდან იყო გამოსული, მათი ცხოვრება ხომ ჯოჯოხეთად აქციეს. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ 2020 წლის დასაწყისში აფთიაქებიდან ქართული წარმოების მედიკამენტები გააქრეს, რითაც კიდევ უფრო დაამძიმეს ადგილობრივების მდგომარეობა. არადა, რუსეთიდან საჭირო მედიკამენტების შემოტანა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო. აღმოჩნდა, რომ ონკოლოგიური და ანტი დიაბეტური პრეპარატების შესყიდვასაც კი ვერ ახერხებდნენ. ამან, ადგილობრივების ღელვა და შესაბამისად, დე ფაქტო რეჟიმის წევრების პიარ-შეხვედრები, თათბირები, ერთმანეთზე გადაბრალება და ფუჭი დაპირებები გამოიწვია. თუმცა, რაზეა საუბარია, როცა 2019 წელს ანტირაბიული ვაქცინაც კი დეფიციტში ჰქონდათ და რუსი მწარმოებლებს პირდაფჩენილები უყურებდნენ.
იმ პერიოდში ახალგორში მცხოვრები აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი „ტაბულასთან“ ყვებოდა: „ჩვენი საავადმყოფო, რაც არის დაბაში, რაიონული საავადმყოფო ქვია, მაგრამ სოფლის ამბულატორიის ფუნქცია აქვს - ოპერაცია არ კეთდება. 11 წელია, აქ ბავშვი არ დაბადებულა რენტგენის გაკეთება შეუძლებელია. მაქსიმუმ, კეთდება კარდიოგრამა და წნევის გასინჯვა. ლაბორატორიაც კი სისხლის ყველა სახის ანალიზს ვერ აკეთებს. კვირაში ორჯერ ხდება ცხინვალში სისხლის გაგზავნა ანალიზისთვის და ცხინვალის ხარიხსიც ვიცით. ექიმებთან ვერ ახერხებენ მისვლას ისეთი ადამიანები, რომლებსაც აქვთ სიმსივნე.“
2020 წლის თებერვლიდან კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო, სეპარატისტულმა რეჟიმმა მთლიანად ჩაკეტა გამშვები პუნქტები, რომლითაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ტერიტორიაზე შესვლა იყო შესაძლებელი. ასევე, შეზღუდვა 64 ქვეყნის მოქალაქეებისთვის დაწესდა. თითქოს, ცხინვალში ავსტრალიიდან ან სან-მარინოდან ტურისტების ნაკადი მიეძალათ და ვერ იცილებდნენ. თუმცა, დე ფაქტო ცხინვალმა რუსეთის მიმართულებით ღია კარი დატოვა. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შსს-ს განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო, შეზღუდულია სხვა ქვეყნების მოქალაქეების შესვლა-გარდა რუსეთის მოქალაქეებისა!
სულ რაღაც გუშინ- 12 მარტს, ცხინვალში კორონავირუსის აფეთქებასთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის პირველი სხდომა ჩატარდა. დე ფაქტო „ოსეტიაპოტრებნადზორის“ უფროსმა მარინა კოჩიევამ ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. როგორც ჩანს, სეპარატისტები ნაწილობრივ მაინც მიხვდნენ, რომ კრემლში დიდად არც ახსოვთ ცხინვალის მოსახლეობა, ამიტომ თავად დაფაცურდნენ - რუს კოლეგებს მიმართეს, რათა შესაბამისი აღჭურვილობა, დეზინფექციის და დაცვის საშუალებები, სამკურნალო პრეპარატები მიიღონ. კოჩიევას თქმით, ჯანდაცვის მინისტრი მოსკოვში იმყოფება და აპირებს რუს კოლეგებთან შეხვედრას და ზოგიერთი აქტუალური საკითხის განხილვას აპირებს“. აქ საკვანძო სიტყვებია „აპირებს“ და „ზოგიერთი“.
ფაქტია, ამ ეტაპზე ერთადერთი რაც ცხინვალმა მოახერხა, რაზეც არც დიდი დროის ან რესურსების ხარჯვა არ დასჭირვებიათ და რითაც ადგილობრივებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა უზრუნველყვეს, ეს დანარჩენ საქართველოსთან კარის ჩარაზვაა. და ამის მეტი კიდევ შეძლეს რამე, კრემლის „ძლიერი ფრთის“ ქვეშ მყოფებმა? ამ კითხვის საპასუხოდ, შეგვიძლია კვლავ ახალგორელი თამარ მეარაყიშვილის ნაამბობი მოვიყვანოთ. ეს კი აბსოლუტურად გასაგებ და ამავე დროს ტრაგიკულობით აღსავსე რეალობას გვიჩვენებს.
მეარაყიშვილი რუსულენოვან „ТОК ТВ“-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ცხინვალის რეგიონში საკარანტინო ზონისთვის აუცილებელი პირობები არ არსებობს: „კარანტინზე მოქალაქეებს რაიონული საავადმყოფოს სამშობიარო სახლში ათავსებენ. უბრალოდ საწოლები დაამატეს და მეტი არაფერი. კორონავირუსზე ანალიზსაც კი ვერ იღებენ, დეზინფექციას არც ატარებენ. პერსონალსაც კი არ აცვია შესაბამისი ფორმა.“ ამავე დროს, „ТОК ТВ“- ს ქეთევან ციხელაშვილის უწყებაში განუცხადეს, რომ ქართული მხარე მზად არის, თუ კი საკონტროლო-გამშვები პუნქტები გაიხსნება, აუცილებლობის შემთხვევაში, საჭირო დახმარების აღმოსაჩენად. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე პაატა იმნაძე სააგენტო „აიპრესთან“ კი აცხადებს-“ჩვენ მზად ვართ აღმოვუჩინოთ ყოველგვარი დახმარება, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელ მოქალაქეებს, ეს მათ იციან. ეს შეტყობინება აქვთ. ჩვენ მზად ვართ ყველანაირი დახმარებისთვის“ .
და ბოლოს, ახლა, როცა მსოფლიო ცხოვრების საგანგებო რეჟიმზე გადადის, როცა მსოფლიო დონის და მნიშვნელობის სპორტული, კულტურული ღონისძიებები, მასობრივი შეკრებები უქმდება, სეპარატისტულ ცხინვალში ცხოვრებით „ტკბობას“ აგრძელებენ. ცხინვალის ერთ-ერთი მთავარ საინფორმაციო სააგენტოზე დღეს გამოქვეყნებულ სიახლეში ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთის პატარა მოკრივეები რუსეთში, კურორტ მინერალურ წყლებში მიმდინარე შეჯიბრში იღებენ მონაწილეობას. 22 მცირეწლოვანი სპორტსმენი უკვე ადგილზეა და ასპარეზობას 15 მარტამდე გააგრძელებს, მერე რა თქმა უნდა უკან დაბრუნდებიან. ასევე, ცხინვალში გუშინ სასკოლო თეატრალური ფესტივალი დასრულდა, სადაც უამრავი ბავშვი იყო შეკრებილი. 20 მარტს, ანტონ ჩეხოვის დაბადების დღის პომპეზურად აღნიშვნას აპირებენ-ისევ ბავშვების აქტიური ჩართულობით. ხოლო, ახალგაზრდა ცხინვალელი ვოკალისტი ლეილა მარგიევა კი ახლაც საფრანგეთის დედაქალაქში იმყოფება, რადგან ვოკალურ კონკურსში მონაწილეობდა და სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ, ეიფელის კოშკის ფონზე, ამაყად, სოციალური ქსელებისთვის ვიდეოებს იღებდა.
სოფიო ვერულავა