იაპონიაში, ქალაქ გამაგორიში, კორონავირუსით ინფიცირებულმა მამაკაცმა შეგნებულად დაარღვია საკარანტინო რეჟიმი, შევიდა რამდენიმე კვებით ობიექტში, რის შემდეგაც ერთ-ერთი პაბის თანამშრომელს COVID-19 დაუდგინდა. ინფორმაციას სააგენტო "კიოდო" ავრცელებს.
ქალაქ გამაგორის მერის ინფორმაციით, მამაკაცს და მისი ოჯახის წევრებს კორონავირუსი 4 მარტს დაუდგინდათ. იმავე დღეს მამაკაცმა მშობლებს უთხრა, რომ ვირუსის გავრცელებას აპირებდა და კარანტინის მიუხედავად, სახლიდან გავიდა.
პირველად ის ბარში შევიდა, სადაც 15 წუთი დაჰყო. ამის შემდეგ შევიდა ფილიპინურ პაბში, სადაც 40 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. პაბში ყოფნის დროს მამაკაცმა იმღერა კარაოკეში, ასევე ჩაეხუტა დაწესებულებაში მომუშავე გოგონას.
სააგენტო აღნიშნავს, რომ მამაკაცმა გოგონას უთხრა, რომ კორონავირუსის ინფექცია ჰქონდა, რის შემდეგაც დაწესებულების ხელმძღვანელობამ პოლიცია და ექიმები გამოიძახა.
ოთხი დღის შემდეგ პაბის თანამშრომელ გოგონას სიცხემ აუწია. ჩატარებულმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. თუ რა სასჯელი ემუქრება მამკაცს, უცნობია.
ბოლო მონაცემებით, იაპონიაში დადასტუებულია COVID-19-ის 1 395 შემთხვევა. მათგან 697 ადამიანი საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ის ეკიპაჟის წევრები და მგზავრები არიან.