იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოქალაქეებს მოუწოდებს, გარდაუვალი აუცილებლობის გარდა, დღეიდან მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ნუ მივლენ იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, რეესტრების ტერიტორიულ სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებში. ამის შესახებ თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
„იუსტიციის სახლები, საზოგადოებრივი ცენტრები და რეესტრების სხვადასხვა ტერიტორიული სამსახურები მუნიციპალიტეტებში, ასევე სანოტარო ბიუროები ემსახურებიან დღეში 30 ათასზე მეტ მოქალაქეს. მინდა, მოგმართოთ ყველას და მოგიწოდოთ, რომ დღეიდან მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, თუ არ არსებობს რამე გარდაუვალი აუცილებლობა, ნუ მობრძანდებით იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, რეესტრების ტერიტორიულ სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებში. გარდაუვალი აუცილებლობა არის აუცილებლობა, რომლის გადადებაც გვიანდელი დროისთვის არ შეგიძლიათ. ეს არ არის მხოლოდ მოწოდება, ეს არის პრინციპული მოწოდება და თხოვნა იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ მივიღოთ მონაწილეობა კორონავირუსის პრევენციაში“, – განაცხადა მინისტრმა.