აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის გამოსვლასთან დაკავშირებით აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგანგებო განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები აფხაზეთის ტერიტორიაზე აფხაზეთსა და რუსეთს შორის საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე იმყოფებიან.
"რუსი სამხედროები წამოადგენენ გარანტიას, რომ საბრძოლო მოქმედებები არ განახლდეს საქართველოსთან, რომლიც აშშ-ის მხარდაჭერით აფხაზეთში მორიგ სამხედრო შეჭრისთვის ემზადება. ამერიკის შეერთებული შტატებს ღია პროქართული პოზიცია უკავია. ის ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთი თანათავმჯდომარეა, რაც იწვევეს გონივრულ ეჭვს მოლაპარაკებებში აფხაზური მხარის მონაწილეობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით", - ნათქვამია სეპარატისტების განცხადებაში.
აფხაზი სეპარატისტები აშშ-ის სახელმწიფო მდივნისგან მოითხოვენ "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების" და "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერის" ტერმინების ზუსტ განმარტებას. განმარტებები შეიძლება აღქმული იყოს, როგორც პროვოცირების მოხდენა, რომ საქართველომ "ტერიტორიული მთლიანობა" სამხედრო გზის გამოყენებით აღადგინოს და ამაში მას აშშ-ს ღია მხარდაჭერა აქვს.
"მსოფლიოში არც ერთ სახელმწიფოს არ ჰყავს იმდენი შეიარაღებული ძალები საზღვარგარეთ, როგორც ამერიკას, კერძოდ ერაყში, ავღანეთში, კოლუმბიაში, იაპონიაში, კორეაში, ფილიპინებზე, ასევე ევროპის ქვეყნებში - პორტუგალიაში, ნიდერლანდებში, ისლანდიაში, საბერძნეთში, გერმანიაში, იტალიაში და კოსოვოში. მაშინ ეს ტერიტორიებიც აშშ-ის მიერ ოკუპირებულად უნდა ჩაითვალოს", - ნათქვამია სეპარატისტების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ გააჟღერა შეერთებული შტატების პოზიცია და რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან სამხედრო შენაერთების გაყვანა მოსთხოვა. სახელმწიფო მდივანმა, ასევე, აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდამჭერია.