საქართველოსა და ისრაელს შორის პირდაპირი ავიარეისები მცირდება და მალე შესაძლოა, დროებით, შეწყდეს კიდეც. აღნიშნულის მიზეზი კი თავად ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებაა, რომელმაც ახალი ტიპის კორონავირუსის (COVID-19) პრევენციის მიზნით, ქვეყანაში შესვლის მსურველ რეზიდენტ თუ არარეზიდენტ პირებს, 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოსთხოვა.
ამ ფონზე, ისრაელურმა ავიაკომპანიებმა, დროებით, საერთაშორისო ავიარეისების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს. შესაბამისად მათ ფრენები შეწყვიტეს საქართველოს მიმართულებითაც.
ისრაელ-საქართველოს შორის გარდა ისრაელური ავიაკომპანიებისა ოპერირებას ახდენდნენ ქართული ავიაკომპანიებიც. Georgian Airways-სა და Myway Airlines-ში სავალდებულო კარანტინზე ამ დროისათვის ოფიციალური NOTAM-ი არ მიუღიათ და შესაბამისად არც საბოლოო გეგმებზე ჩამოყალიბებულან.
Georgian Airways-ში აცხადებენ, რომ ისრაელში შემსვლელთათვის 14-დღიან სავალდებულო კარანტინზე ოფიციალური შეტყობინება ჯერჯერობით არ მიუღიათ, თუმცა არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით თელ ავივის მიმართულებით კვირაში რეისებს 4-5 სიხშირემდე შემცირებას განიხილავენ.
რაც შეეხება Myway Airlines-ს, კომპანიაში განმარტავენ, რომ ჯერ ისრაელიდან ოფიციალურ შეტყობინებას ელოდებიან და ამის შემდეგ გადაწყვეტენ, ისრაელური ავიაკომპანიების მსგავსად, თავადაც შეაჩერებენ თუ არა ფრენებს.
აღსანიშნავია, რომ ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, Georgian Airways-ს საქართველოსა და ისრაელს შორის 13 სიხშირე ჰქონდა დამტკიცებული, ხოლო Myway Airlines-ს კი კვირაში 3 სიხშირე.