ე.წ. რიყის დოქებს ახალი მფლობელი არ გამოუჩნდა. თბილისში, რიყის ტერიტორიაზე არსებული 14591.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა დღე ელექტრონულ აუქციონზე უნდა გასხვისებულიყო, თუმცა მსურველი ოფიციალურად არ დაფიქსირებულა.
ობიექტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში ყიდდა. შესაბამისად ობიექტს სამინისტრო განმეორებით აუქციონზე გამოიტანს, სადაც მისი საწყისი ღირებულება, პირველად აუქციონთან შედარებით, რამდენიმე პროცენტით იაფი იქნება.
5 მარტს ჩანიშნულ აუქციონზე კი "რიყის დოქების" საწყისი ღირებულება 95 მლნ ლარს შეადგენდა. აუქციონის პირობების მიხედვით, გამარჯვებული ვალდებული იყო, საპრივატიზებო თანხა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 2 თვის ვადაში გადაეხადა და პირადად ან მესამე პირის მეშვეობით შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში ამ საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე მრავალფუნქციური კომპლექსის (რაც უნდა მოიცავდეს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს), თეატრს ან/და საგამოფენო/საკონფერენციო სივრცე(ებ)ს/დარბაზ(ებ)ს) ან/და სასტუმროს) შექმნა და ფუნქციონირების დაწყება უზრუნველეყო.
აუქციონში გამარჯვებული ვალდებული იყო ასევე, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით არანაკლებ 10 000 000 ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე).
შეგახსენებთ, რომ საპრივატიზებო მიწის ნაკვეთი მდებარეობს დედაქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, შესაბამისად ტერიტორიის განვითარების კონცეფციის ესკიზი (პროექტი) უნდა შეთანხმდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან.